გიორგი სოსიაშვილი: ჩვენ დავინახეთ, რომ არაერთგზის ჰქონდათ მცდელობა, მათ შორის გერმანიის ელჩსაც, რომ დაპირისპირებოდა ქართულ საზოგადოებას, მისი ნამდვილი მიზანი რაში მდგომარეობს - რადიკალები წააქეზოს, გამოკვებოს თავისი განცხადებებით

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი სოსიაშვილმა საქართველოში გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის განცხადებები შეაფასა.
სოსიაშვილის განცხადებით, ელჩის რეალური მიზანი „რადიკალების წაქეზებაა“.
„ელჩის მოვალეობა და მისია უნდა იყოს ქვეყნებს შორის გარკვეული ურთიერთობების გაღრმავება და არა ვენის კონვენციის 41-ე მუხლის დარღვევა, რომელიც პირდაპირ უკრძალავს ელჩებს ქვეყნის საშინაო საქმეებში ხელების ფათურს. თუმცა, ჩვენ დავინახეთ, რომ არაერთგზის ჰქონდათ მცდელობა, მათ შორის გერმანიის ელჩსაც, რომ დაპირისპირებოდა არა ქართულ ხელისუფლებას, არამედ ქართულ საზოგადოებას, რომელმაც უდიდესი უმრავლესობით აირჩია ჩვენი ეროვნული ხელისუფლება. მისი ნამდვილი მიზანი რაში მდგომარეობს - რადიკალები წააქეზოს, გამოკვებოს თავისი განცხადებებით“, - განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.
საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: „მე შევხვდი „ქალბატონ ხოშტარიას რამდენჯერმე და რამდენადაც შემიძლია ვთქვა, ის არ არის რადიკალი“. ამავე ინტერვიუში ფიშერი აცხადებს, რომ „დიფ სთეითი“ არ არსებობს.