გია ვოლსკი: გახარიასადმი სისხლისსამართლებრივი დევნა პოლიტიკური პროცესი არ არის, ეროვნული უსაფრთხოებისათვის პრობლემების შექმნასთან დაკავშირებული ნაბიჯები გადადგა
გიორგი გახარია „ქართულ ოცნებას“ საეჭვო გარემოებებში ჩამოსცილდა და ისეთი ნაბიჯები გადადგა, რომლებიც პირდაპირ დაკავშირებული იყო ეროვნული უსაფრთხოებისთვის გარკვეული პრობლემების შექმნასთან, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, გიორგი გახარიას მიმართ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა პოლიტიკური პროცესი არ არის.
„დიდი ხანი გავიდა, რაც ჩვენ პოზიციებით ერთმანეთს მნიშვნელოვნად დავცილდით და ეს არ არის „ქართული ოცნების“ გუნდის ბრალი. გიორგი გახარია „ქართულ ოცნებას“ საეჭვო გარემოებებში ჩამოსცილდა და ისეთი ნაბიჯები გადადგა, რომლებიც პირდაპირ დაკავშირებული იყო ეროვნული უსაფრთხოებისათვის გარკვეული პრობლემების შექმნასთან. სიტუაცია სიღრმისეულად რომ გავაანალიზეთ, საკმაოდ ვრცელი პერიოდი იყო, რასაკვირველია, ჩვენთვის ბევრი რამ სიახლე იყო. სიტუაციას ახლებურად შევხედეთ, გავაანალიზეთ. არ ვიცი, პროკურატურამ და გამოძიებამ რა დასკვნა შეიძლება გააკეთონ, მაგრამ, ვფიქრობ, ეს იყო სერიოზული პოლიტიკური დემარში, რომელიც პირდაპირ იყო მიმართული ეროვნული ინტერესების დასაზიანებლად“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
საქართველოს პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. როგორც გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე განაცხადა, საქმე ეხება 2019 წლის 20-21 ივნისის და ჩორჩანის ეპიზოდებს. გიორგი გახარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.