Loading data...
დავით მათიკაშვილი - ევროპარლამენტი უნდა იყოს უფლებების დაცვის სადარაჯოზე, ამის ნაცვლად, ვხედავთ მცდელობას, თავისუფალი სიტყვა ჩაახშონ დამოუკიდებელ სახელმწიფოში, ევრობიუროკრატია უმძიმეს ვითარებაშია

„ევროპარლამენტი უნდა იყოს უფლებების დაცვის სადარაჯოზე, ამის ნაცვლად, იქიდან ვისმენდეთ ხმამაღალ განცხადებას, როგორ უნდა იყოს თავისუფალი სიტყვა დაცული, ვხედავ პირიქით, თავდასხმას თავისუფალ მედიაზე და მცდელობას, თავისუფალი სიტყვა ჩაახშონ დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოში“, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, არანაირი ფასი არ შეიძლება, ჰქონდეს ისეთ დოკუმენტს, სადაც სიმართლის ხვედრითი წილი არის ნულთან გათანაბრებული.

„ჯერ კიდევ ორი წლის წინ, როდესაც ქალბატონი რასა იუკნევიჩიენე დაინიშნა საქართველოს შესახებ ევროპარლამენტში მომხსენებლად, იქიდანვე გახდა ნათელი, რა მოხსენება გაკეთდებოდა საქართველოზე. ბუნებრივია, ეს იქნებოდა გაჯერებული სააკაშვილის მეგობრობის და არა ქართველი ხალხის მეგობრობის მასაჟებით. ძალიან კარგად ვიცით ქალბატონი რასას დამოკიდებულება დამნაშავე, სადისტური რეჟიმის შემოქმედი ყოფილი პრეზიდენტის მიმართ. ევროპარლამენტი, ევროკავშირის საკანონმდებლო წარმომადგენლობითი ორგანო უნდა იყოს უფლებების დაცვის სადარაჯოზე და ამის ნაცვლად, იქიდან ვისმენთდეთ ხმამაღალ განცხადებას, როგორ უნდა იყოს თავისუფალი სიტყვა დაცული, ჩვენ ვხედავ პირიქით, თავდასხმას თავისუფალ მედიაზე და მცდელობას, თავისუფალი სიტყვა ჩაახშონ დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოში“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

მისი თქმით, რაც შეეხება ქართული ხელისუფლების მიდგომებს, ის არის აბსოლუტურად ღია, გახსნილი და ასეთ განცხადებებს სამართლიან, გულწრფელ ღია პასუხს გასცემს.

„ეს არის თავდასხმა ხალხზე, ქართველი ხალხის არჩევანზე. მოდით, გულწრფელები ვიყოთ, რა არ მოსწონთ იქ? არ მოსწონთ ქართველი ხალხის არჩევანი, ის შედეგი, რა შედეგიც 2024 წლის არჩევნების შემდეგ დადგა. ყველაფრის მიზეზი არის ეს, აქედან იწყება ყველაფერი და პრაქტიკულად, იმით, რომ თავს ესხმიან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, თავს ესხმიან ქართველი ხალხის არჩევანს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.