Loading data...
არჩილ გორდულაძე ლაშა შერგელაშვილზე: ეს არის ის ადამიანი, რომელმაც უღალატა შინაგან საქმეთა სამინისტროს მუნდირს, ახლა გაქცეულია პასუხისმგებლობისგან უკრაინაში

„ეს არის ის ადამიანი, რომელმაც უღალატა შინაგან საქმეთა სამინისტროს მუნდირს“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ლაშა შერგელაშვილზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ ადგილი გვაქვს ახლა შემთხვევასთან, როცა სპეცსამსახურები და გარე ძალები ცდილობენ, რომ ჩვენს ქვეყანაში მოიყვანონ აგენტურა ხელისუფლებაში, უბრალოდ შერგელაშვილი გამოყენებულია ერთ ჩვეულებრივ გავლენის აგენტად, გარედან მართულ ადამიანად და მის მიერ გაკეთებული განცხადებები სხვა არაფერია თუ არა სამშობლოს წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები. მათ შორის ეს არის ის ადამიანი, რომელმაც უღალატა შინაგან საქმეთა სამინისტროს მუნდირს და მუნდირის ფეხ ქვეშ გათელვის შედეგად, ეს ადამიანი ახლა გაქცეული არის პასუხისმგებლობისგან უკრაინაში და გაურბის მათ შორის კითხვებზე პასუხის გაცემასაც“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ცნობისთვის, გუნდში BBC-ის მიერ გავრცელებულ მასალასთან დაკავშირებით, გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხა 93 მოწმე, მაგრამ ვერ მოხერხდა ერთადერთი მოწმის, ლაშა შერგელაშვილის გამოკითხვა, რომელიც უკრაინაში იმყოფება. მის მიმართ, სუსში ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები, ერთ-ერთ რეზონანსულ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს, რომელიც ეხებოდა ბრალდებულ ბექა ჭულუხაძის მიერ იარაღებისა და საბრძოლო მასალის, მათ შორის ტროტილის შეძენა-შენახვის ფაქტს.

საქმეზე ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა 4 ოქტომბრის მოვლენების პარალელურად. გამოძიება მუშაობს ვერსიაზე, რომ უკრაინის სპეცსამსახურებში კონტრაქტით დასაქმებულმა შერგელაშვილმა 4 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე შეუკვეთა ბექა ჭულუხაძეს საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და მოწყობილობების შეძენა და გადამალვა თბილისის მახლობლად.