არარატ მირზოიანი: სომხურ-ქართულ მეგობრობას შეუძლია, ხელი შეუწყოს ჩვენს ურთიერთობებს, სტრატეგიული პარტნიორობით უნდა მოხდეს ურთიერთდაკავშირებადობის გაღრმავება
სომხურ-ქართული ტრადიციული მეგობრობა დიდი კავშირების შესაძლებლობას გვაძლევს, რასაც შეუძლია, ხელი შეუწყოს ჩვენს ურთიერთობებს, - ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ქართველ კოლეგასთან მაკა ბოჭორიშვილთან ერთობლივი განცხადებისას აღნიშნა.
მისი თქმით, სტრატეგიული პარტნიორობით უნდა მოხდეს ქვეყნებს შორის ურთიერთდაკავშირებადობის გაღრმავება.
„თითოეული ჩვენი ქვეყანა ცალკე და მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონი, რომელსაც აქვს დიდი პოტენციალი, დაკავშირებული უნდა იყოს ერთმანეთთან და სხვა რეგიონებთან გაამყაროს კავშირი. ამ კონტექსტში სიახლე არ არის მშვიდობის გზაჯვარედინის პროექტი. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ეს პროექტი საქართველოში წარმოადგინა. მშვიდობა, რომელიც დამყარდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, აშშ-ის პრეზიდენტის თანხლებით, ვფიქრობთ, ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას.
ჩვენი რეგიონი ნამდვილად შეძლებს, გადაიქცეს გზაჯვარედინად. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ინფრასტრუქტურების განბლოკვა, სომხეთის ტერიტორიაზე „ტრამპის გზა“, საერთაშორისო განვითარების პროგრამის, ტერიტორიული მთლიანობის და სხვადასხვა პრინციპზე დაყრდნობით, გვაძლევს წინსვლის ბევრ შესაძლებლობას და ამის შედეგად დამყარდება სიმშვიდე“, - აღნიშნა არარატ მირზოიანმა.
მისი თქმით, საქართველოს რკინიგზის გამოყენებით ერთმანეთს დაუკავშირდება ევროპა და ცენტრალური აზია.
„სომხეთის ხედვა ასეთია, რომ მთელს მსოფლიოსთან გვქონდეს კავშირი. სომხურ-ქართული ტრადიციული მეგობრობა ძალზედ დიდი კავშირების შესაძლებლობას გვაძლევს, რასაც შეუძლია, ხელი შეუწყოს ჩვენს ურთიერთობებს. სტრატეგიული პარტნიორობით უნდა შევძლოთ ურთიერთდაკავშირებადობის გაღრმავება.
დღეს, კოლეგასთან ერთად, განვიხილეთ ეს მიდგომა და ვფიქრობ, არის ორმხრივი ურთიერთსასარგებლო გაგება. ბუნებრივია, ბიზნესწრეების საკითხებიც განვიხილეთ და ამ საკითხშიც მივაღწევთ შეთანხმებას.
ჩვენს ხალხებს შორის კავშირი გამოიხატება, ასევე, კულტურის სფეროში. სომხეთში და საქართველოში კულტურის დღეების ჩატარებას ძალზედ დიდი მნიშვნელობა აქვს. სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობების პარალელურად, ხაზგასასმელია ჩვენს უწყებებს შორის, საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, ურთიერთობა. ვისაუბრეთ ასევე, სხვადასხვა ქვეყანასთან ურთიერთობების შესახებ.
მომდევნო წელს, გაზაფხულზე, ვიქნებით ევროპული პოლიტიკური წრეების სამიტზე. მინდა, მადლობა მოვახსენო ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს სომხეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული ურთიერთკავშირების გაღრმავების და წინ წაწევისთვის“, - განაცხადა არარატ მირზოიანმა.