პარლამენტში, „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ფარგლებში, შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
პარლამენტში, „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ფარგლებში, შემაჯამებელი ღონისძიება „ერთად ჯანმრთელი მომავლისთვის“ გაიმართა, რომელიც ძუძუს კიბოს პრევენციისა და სკრინინგის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ეძღვნება.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა.
როგორც ნინო წილოსანმა განაცხადა, საქართველოში მოქმედებს სკრინინგის ეროვნული პროგრამა და სერვისი ხელმისაწვდომია ქვეყნის ყველა რეგიონში.
თუმცა, მიმართვიანობა ჯერ კიდევ დაბალია და ამ მხრივ საჭიროა მოსახლეობის ინფორმირებულობა და ცნობიერების ამაღლება.
„ჩვენი მიზანი უნდა იყოს მკაფიო - დავიცვათ ყველა ქალის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. სახელმწიფო ვალდებულია გააგრძელოს ინვესტირება პრევენციულ ჯანდაცვაში. საზოგადოებრივ და პოლიტიკურ დონეზე ქალებს უნდა შევუქმნათ ისეთი გარემო, სადაც ჯანმრთელობაზე ზრუნვა ბუნებრივი ყოველდღიურობის ნაწილი გახდება“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
გლობალური კამპანიის მნიშვნელობაზე ისაუბრა პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა.
მისი თქმით, ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლა არ არის მხოლოდ სამედიცინო საკითხი, არამედ ეს არის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, რომელსაც საერთო ძალისხმევა სჭირდება.
„ვარდისფერი ოქტომბერი“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი კამპანიაა. იგი სიმბოლოა სოლიდარობის, ცნობიერების ამაღლებისა და ურყევი მხარდაჭერის. ეს თვე იტევს დედების, დების, ბებიების, შვილების ისტორიებს, რომლებიც სხვა ქალებს აძლევენ ძალას სირთულეების დაძლევისა და იმედის შენარჩუნებისთვის“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის წევრმა ირმა ზავრადაშვილმა კამპანიის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული აქტივობები შეაჯამა.
მისი თქმით, ოქტომბრის თვეში 12 ათასზე მეტმა ქალმა ჩაიტარა სკრინინგი.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართეს: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ კახაძემ და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თეა გიორგაძემ.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სამედიცინო პანელი თემაზე: „პრევენცია იწყება ცნობიერებით“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ექიმმა მამოლოგმა და ონკოლოგმა თამილა როინიშვილმა, ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ და „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტმა ანა მაზანაშვილმა.
ღონისძიების მონაწილეებმა მოისმინეს რეალური ისტორიები ქალებისგან, რომლებმაც ძუძუს კიბო დაამარცხეს და რომლებიც დღესაც ებრძვიან მას.
ღონისძიების დასასრულს, ქალთა ჯანმრთელობის დაცვისა და ცნობიერების ამაღლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ: ეროვნული სკრინინგ ცენტრი, „ევროპა დონა საქართველო“ და „ონკოქეა ჯორჯია“.
„ვარდისფერი ოქტომბერი“ საერთაშორისო კამპანიაა, რომელიც ყოველწლიურად ოქტომბრის თვეში აღინიშნება და მიზნად ისახავს ძუძუს კიბოს სიმპტომების ნაადრევი აღმოჩენის, პრევენციული მედიცინისა და სკრინინგული კვლევების საჭიროების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.