Loading data...
პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც სკოლებში დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებას ითვალისწინებს

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 75 ხმით მხარი დაუჭირა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომლებიც სკოლებში დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებას ითვალისწინებს.

მომხსენებლის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის თამარ მახარაშვილის ინფორმაციით, ცვლილებებით განისაზღვრება მასწავლებლობის მაძიებლის, შემცვლელი სპეციალური მასწავლებლის, პროგრამის მასწავლებლისა და პროგრამის სპეციალური მასწავლებლის ცნებები.

კანონპროექტის თანახმად, სკოლაში დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ იმ პირებსაც, რომლებსაც პროფესიული განათლება აქვთ ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების მიმართულებით.

კანონის მოქმედი რედაქციის მიხედვით, მასწავლებლობის მაძიებელს მოეთხოვება ბაკალავრის აკადემიური ხარისხის ფლობა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის ან საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით, თუმცა, დაკონკრეტებული არ არის, რომ მასწავლებლობის მაძიებელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს იმავე საგნის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, რომელსაც ასწავლის. შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნა დაზუსტდება და დაკორექტირდება.

გარდა ამისა, მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამაში ჩართვის საშუალება ექნება ნებისმიერ პირს, რომელსაც აქვს მინიმუმ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, თუმცა, თუ მისი კვალიფიკაცია არ არის იმ საგნის შესაბამისი, რომლის სწავლებაც სურს, ვალდებული გახდება მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამაში ჩართვის წინაპირობად შესაბამისი საგნის კომპეტენცია დაადასტუროს.

ცვლილებებით შესაძლებელი იქნება სკოლაში დროებით არმყოფი სპეციალური მასწავლებლის შეცვლაც.

სპეციალური მასწავლებლობის უფლება მიეცემა იმ პირსაც, რომელსაც საგნის მასწავლებლობის უფლება მოპოვებული აქვს კანონმდებლობით დასაშვები სხვადასხვა გზით და ამასთან, ჩაბარებული აქვს სპეციალური მასწავლებლის გამოცდა.

„ცვლილების შემთხვევაში, კანონში გაჩნდება მასწავლებლის ახალი თანამდებობები, როგორიცაა - „პროგრამის მასწავლებელი“ და „პროგრამის სპეციალური მასწავლებელი“, რომლებიც სკოლაში დასაქმდებიან რომელიმე მიზნობრივი პროგრამის საფუძველზე, განსაზღვრული პერიოდით და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება მათი მობილობა სხვა სკოლაში“, - განაცხადა თამარ მახარაშვილმა.