პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონში ცვლილებებს, რომელიც მეზღვაურთა კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატის მიღებისა და განახლების საკითხს შეეხება
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომელიც მეზღვაურთა კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატის მიღებისა და განახლების საკითხს შეეხება.
საკითხი კანონმდებლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა წარუდგინა.
ცვლილება შეეხება იმ პირებს, რომლებმაც პროფესიული საზღვაო განათლება მიიღეს 1999 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში, თუმცა ახალი კანონის მიღების შემდეგ ვერ მოასწრეს კომპეტენციის სერტიფიკატის აღება 2014 წლის 14 ნოემბრამდე.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მონაცემებით, აღნიშნულ ვადაში სამწლიანი პროფესიული სწავლა დაახლოებით 1200-მა კურსდამთავრებულმა დაასრულა. აქედან კი 795 პირმა ვერ მოახერხა კომპეტენციის სერტიფიკატის აღება.
ცვლილებების შედეგად, 795 პირს მიეცემა შესაძლებლობა, მიიღოს ან განაახლოს მართვის ან ექსპლუატაციის დონის კომპეტენციის სერტიფიკატი შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში.
ცვლილებებს 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.