პარლამენტმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტი განიხილა
პარლამენტმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტი განიხილა.
ქვეყნის ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლები კანონმდებლებს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა გააცნო. მინისტრმა 2026 წლის ბიუჯეტის მაკროეკონომიკური პარამეტრები მიმოიხილა.
მისი განცხადებით, 2026 წელს რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5,0%-ის ოდენობით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,3%-ს შეადგენს. მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი მომდევნო წლისთვის 4%-ს შეადგენს, ხოლო მომდევნო წლებში აღნიშნული მაჩვენებელი 3,0%-ია.
საშუალო ინფლაციის პროგნოზი მიმდინარე წელს 3,6%-ს შეადგენს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებშია (3%). ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 110,5 მილიარდი ლარის ოდენობით. ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვრება 26,8 მილიარდი ლარის ოდენობით და ბიუჯეტის დეფიციტი 2,5%-ს შეადგენს.
„2026 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 35,5 მილიარდ ლარს შეადგენს, რომლის ფარგლებშიც სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებები“, - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი განისაზღვრება 30 მილიარდ 290.8 მილიონი ლარის ოდენობით, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა შეადგენს - 30 მილიარდ 475.9 მილიონ ლარს.
ფინანსთა მინისტრმა ცალკეული სამინისტროებისთვის გამოყოფილ დაფინანსებაზე ისაუბრა.
„ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები განისაზღვრა 9 მილიარდ 620.8 მილიონი ლარით. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 2 მილიარდ 615.3 მილიონ ლარს, ხოლო კულტურის სამინისტროს დაფინანსება - 319.3 მილიონ ლარს. სპორტის სამინისტროს დაფინანსებაზე გამოყოფილია 295 მილიონ ლარზე მეტი, ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება კი განისაზღვრა 3 მილიარდ 96.9 მილიონი ლარით. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება 855.8 მილიონ ლარს შეადგენს, რეგიონული განვითარების სამინისტროსთვის გამოყოფილია 110.4 მილიონი ლარი, ხოლო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გათვალისწინებულია 1 მილიარდ 142. 5 მილიონი ლარი. ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 130 მილიონ ლარს, იუსტიციის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 442,2 მილიონი ლარი, საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის - 220 მილიონი ლარი. თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 1 მილიარდ 800 მილიონი ლარი და შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის - 1 მილიარდ 473 მილიონი ლარი“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ფინანსთა მინისტრმა კანონმდებლების შეკითხვებს უპასუხა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2026 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით, შესაბამის უწყებებთან ერთად, მიმდინარეობს შენიშვნებისა და წინადადებების განხილვა და პროექტის საბოლოო ვარიანტი პარლამენტს უახლოეს პერიოდში წარედგინება.
პლენარულ სხდომაზე, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტის განხილვის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და გენერალურმა აუდიტორმა გიორგი გაბიტაშვილმა ბიუჯეტის პროექტის შესახებ დასკვნები წარადგინეს.