Loading data...
პაატა კვიჟინაძე: სავალუტო ფონდისა და ევროკომისიის შეფასებებით, ყველა მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური მაჩვენებელი წესრიგშია

„ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია: ეკონომიკური ზრდა, ბიუჯეტის დეფიციტი და მთავრობის ვალი. ევროკომისიის ბოლო ანგარიშით, თუ შევადარებთ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს, 2025 წელს საქართველო ევროკავშირის ქვეყნებს შორის, ირლანდიის შემდეგ, მეორე ადგილზეა, 2026 წლის პროგნოზით კი - პირველზე. ასევე, პირველ ადგილზეა კანდიდატ ქვეყნებს შორის. თუ შევადარებთ ბიუჯეტის დეფიციტის სიმცირით, საქართველო ევროკავშირის ქვეყნებს შორის მე-6, ხოლო კანდიდატ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა. ასევე, მთავრობის ვალის სიმცირით საქართველო ევროკავშირის ქვეყნებს შორის მე-7 და კანდიდატ ქვეყნებში მე-3 ადგილზეა. საქართველოს ყველა მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური მაჩვენებელი, სავალუტო ფონდისა და ევროკომისიის შეფასებებითაც წესრიგშია“, - განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ პლენარულ სხდომაზე 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვისას.

პაატა კვიჟინაძემ ყურადღება გაამახვილა ბიუჯეტში აუთვისებელ თანხებზეც. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ამ მხრივ პრობლემა არსებობს, რის მიზეზებზეც ისაუბრა როგორც პრემიერ-მინისტრმა, ასევე დღეს, თავის გამოსვლაში, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

„შესაბამისი დავალებები გაცემულია და დასახულია პრობლემის მოგვარების გზები“, - აღნიშნა პაატა კვიჟინაძემ.

დღეს პარლამენტმა სახელმწიფო ბიუჯეტის 2025 წლის შესრულების ანგარიში დაამტკიცა.