Loading data...
მარიამ ლაშხმა სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდის (SDSURF) მესამე ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი კონფერენციაზე - „ქვეყნის მასშტაბით ადრეული და სკოლამდელი განათლების დაწესებულებების მართვის მომსახურების გაუმჯობესება და პროგრამების ხარისხის ამაღლება“ სიტყვით გამოვიდა.

მარიამ ლაშხმა ადრეული და სკოლამდელი განათლების მნიშვნელობაზე, სისტემაში არსებული გამოწვევების დაძლევისა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის აუცილებლობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტებისა და საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევა განათლების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის ამაღლებას ხელს უწყობს.

„დღეს საჯარო საბავშვო ბაღებში ისეთი გარემოა, სადაც ბავშვები იზრდებიან უსაფრთხოდ, სარგებლობენ ხარისხიანი კვებით და იძენენ ისეთ უნარებს, რომელიც სკოლამდელი განათლების პერიოდში მნიშვნელოვანია, რათა მომავალში პასუხისმგებლობით აღსავსე მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართეს: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ბაია კვიციანმა, პროექტის „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველო I2Q“ აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ სანიკიძემ, მსოფლიო ბანკის განათლების სპეციალისტმა ანა ბერძენაძემ და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა დუგლას ფიშერმა.

მესამე ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში, დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო რამდენიმე პანელური დისკუსია, სადაც განათლების სფეროს წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა ადრეული და სკოლამდელი განათლების განვითარების მნიშვნელოვანი მიმართულებები განიხილეს.

მათ შორის: აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული გაძლიერების საკითხი, ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნული ხედვა, სასკოლო მზაობის პროგრამა (SRP), ბავშვის განვითარების შეფასების ინსტრუმენტები და ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის გზები.

მესამე ყოველწლიური კონფერენცია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროგრამის „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველო I2Q“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.

კონფერენციას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, მუნიციპალიტეტებისა და საბავშვო ბაღების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.