მარიამ ლაშხი სამედიცინო განათლების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა სამედიცინო განათლების საერთაშორისო კონფერენციის (ICME 2025) გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო.
როგორც სიტყვით გამოსვლისას მარიამ ლაშხმა განაცხადა, აღნიშნული კონფერენცია განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოფიციალურად გამოაცხადა უმაღლესი განათლების ფართომასშტაბიანი რეფორმა. მისი თქმით, სამედიცინო განათლება ამ რეფორმის პრიორიტეტია, რადგან უშუალოდ უკავშირდება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
„გვწამს, რომ ძლიერი განათლება ძლიერი სახელმწიფოს საფუძველია, ხოლო ძლიერი სამედიცინო განათლება ჯანმრთელი საზოგადოების გარანტია. ჩვენი მიზანია დავიმკვიდროთ ღირსეული ადგილი გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში როგორც ხარისხზე და ინოვაციაზე ორიენტირებულმა ქვეყანამ“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.
მარიამ ლაშხის თქმით, საქართველოს აქვს ძლიერი სამეცნიერო ტრადიციები და განსაკუთრებული პოტენციალი სამედიცინო მეცნიერებებში, მათ შორის ბიოტექნოლოგიების მიმართულებით. როგორც მან აღნიშნა, საქართველო ცნობილია უნიკალური გენეტიკური რესურსებით, ფაგოთერაპიის კვლევის მდიდარი ისტორიით და მაღალკვალიფიციური სამეცნიერო კადრებით, რაც ქმნის მყარ საფუძველს თანამედროვე ბიომედიცინური ინოვაციების განვითარებისთვის და საერთაშორისო თანამშრომლობისთვის.
კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოში სამედიცინო განათლების განვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამედიცინო განათლების ხარისხის ამაღლება, კვლევისა და პრაქტიკის ინტეგრაცია, საერთაშორისო აკრედიტაციისა და აღიარების გაძლიერება და ახალგაზრდებისთვის პროფესიული განვითარების ახალ შესაძლებლობების შექმნა უმნიშვნელოვანესია.
სამედიცინო განათლების საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ სამედიცინო განათლების სფეროს წამყვანი საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები. ღონისძიების მიზანია სამედიცინო განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება.
კონფერენცია 30-31 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში იმართება.