მარიამ ლაშხი, გიორგი ჩაკვეტაძე და ეკა სეფაშვილი სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის და I2Q პროექტის წარმომადგენლებს შეხვდნენ
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე და კომიტეტის წევრი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის და I2Q პროექტის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
შეხვედრაზე სკოლამდელი განათლების სისტემის განვითარების საკითხებზე ისაუბრეს. განიხილეს კვლევებისა და საჭიროებების შეფასების ანალიზის შედეგად გამოვლენილი გამოწვევები.
„ვისაუბრეთ დაგეგმილ ცვლილებებზე, რომლებიც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, სწავლების მეთოდოლოგიის განახლებას, ადმინისტრაციული და პედაგოგიური კადრების გადამზადებისა და მომზადების პროგრამების სრულყოფას შეეხება. შევთანხმდით სამომავლო თანამშრომლობაზე“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა აღნიშნეს, კომიტეტი აქტიურად ჩაერთვება სკოლამდელი განათლების სისტემის განვითარების მიმართულებით ცვლილებების განხორციელებასა და შემდგომში მისი აღსრულების მონიტორინგის პროცესში.