გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა პლასტიკის ნარჩენების მართვის საკითხზე ბიზნესსექტორთან სამუშაო შეხვედრა გამართა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, ბიზნესსექტორთან მომუშავე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების და ნარჩენების მართვის საკითხებთან დაკავშირებით „საქართველოს ბიზნესასოციაციის“ წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები - ნინო თანდილაშვილი, სოლომონ პავლიაშვილი და ზურაბ ეზუგბაია.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პლასტიკის ნარჩენებით დაბინძურება დღესდღეობით ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარემოსდაცვით გამოწვევას წარმოადგენს. აღნიშნული პრობლემის დასაძლევად საჭიროა კომპლექსური ღონისძიებების გატარება, მათ შორის, პრევენციული პროგრამების შემუშავება და განხორციელება, პლასტმასის, განსაკუთრებით სურსათთან შეხებაში მყოფი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების ჭარბი მოხმარების შემცირება, ისევე, როგორც პლასტიკის ნარჩენების მდგრადი მართვის ეფექტიანი სისტემის დანერგვა.
შეხვედრაზე როგორც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ისე ბიზნესსექტორის წარმომადგენლების მოსაზრებები მოისმინეს.
დისკუსიის ფარგლებში, განიხილეს პლასტიკის ნარჩენების მდგრადი მართვის ხელშემწყობი ღონისძიებები, ისევე, როგორც სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის მასალების და ნაკეთობების მოხმარების რეგულირების საკითხები.