განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე იმსჯელა
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი განიხილა.
კანონპროექტი კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განსახილველად, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა წარადგინა.
კანონპროექტი სამინისტროს მიერ შექმნილი სასკოლო სახელმძღვანელოების სასწავლო პროცესში ეტაპობრივ დანერგვას ითვალისწინებს 2026-2027 და 2027-2028 სასწავლო წლების განმავლობაში, ცალკეული კლასებისა და საგნების მიხედვით.
სახელმძღვანელოს ჩანაცვლებამდე სასწავლო პროცესში კვლავ გამოიყენება რეფორმის დაწყებამდე მოქმედი გრიფმინიჭებული ან/და ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან შეთანხმებული სახელმძღვანელოები.
კანონპროექტის თანახმად, 2028 წლის 1 სექტემბრიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებული იქნებიან, ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა განახორციელონ მხოლოდ სამინისტროს მიერ შექმნილი ან/და სამინისტროსთან შეთანხმებული სახელმძღვანელოებით.
შესაბამისად, სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნისა და სასწავლო პროცესში მათი დანერგვის პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება და სრულად დასრულდება 2028-2029 სასწავლო წლის დაწყებამდე.
კომიტეტის სხდომაზე ასევე პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილეს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლებიც
სკოლებში დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებას ითვალისწინებს.
თამარ მახარაშვილის განცხადებით, ცვლილებებით განისაზღვრება მასწავლებლობის მაძიებლის, შემცვლელი სპეციალური მასწავლებლის, პროგრამის მასწავლებლისა და პროგრამის სპეციალური მასწავლებლის ცნებები.
კანონპროექტის თანახმად, მასწავლებლობის მაძიებლად შესაძლებელი იქნება იმ პირის დასაქმებაც, რომელსაც აქვს, სულ მცირე, ბაკალავრის ხარისხი, ასევე პროფესიული განათლება ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების მიმართულებით.
ამასთან, გაიზრდება 2026 წლის 1-ელი იანვრიდან პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლის განათლების სისტემიდან გასვლის შედეგად გამოწვეული დეფიციტის დროებით შევსების შესაძლებლობა. ასევე, შესაძლებელი იქნება სკოლაში დროებით არმყოფი სპეციალური მასწავლებლის (შვებულება, დეკრეტი და ა.შ.) შეცვლა.
სპეციალური მასწავლებლობის უფლება მიეცემა იმ პირსაც, რომელსაც საგნის მასწავლებლობის უფლება მოპოვებული აქვს კანონმდებლობით დასაშვები სხვადასხვა გზით და ამასთან, ჩაბარებული აქვს სპეციალური მასწავლებლის გამოცდაც.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებების პლენარულ სხდომაზე განხილვას.