ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში, „საქპატენტის“ ანგარიში განიხილეს
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის („საქპატენტის“) თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ ინტელექტუალური საკუთრების სფეროში განხორციელებული რეფორმების შესახებ ანგარიში წარადგინა.
„საქპატენტის“ საქმიანობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ინტელექტუალური საკუთრების სფეროში მიმდინარე რეფორმები შესაბამისობაშია საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასა და ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრულ ვალდებულებებთან“, - განაცხადა მომხსენებელმა.
სოსო გიორგაძემ კომიტეტის წევრებს საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებები გააცნო, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების სისტემაში ევროკავშირის სტანდარტების სრულად დანერგვას.
მისი განცხადებით, რეფორმები ეფუძნება ევროკომისიის მიერ წარდგენილ რეკომენდაციებს და უზრუნველყოფს ქართული კანონმდებლობის თანხვედრას შესაბამის ევროპულ რეგულაციებთან.
მისი თქმით, „საქპატენტის“ ინიციატივით გაფორმდა სამმხრივი მემორანდუმი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციას (WIPO), ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და „საქპატენტს“ შორის.
როგორც სოსო გიორგაძემ აღნიშნა, მემორანდუმის საფუძველზე რეგიონში პირველად დაინერგა ერთობლივი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა - „ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაციები და მეწარმეობა“.
ასევე, ქუთაისში, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიურ ჰაბში მიმდინარეობს „საქპატენტის“ სწავლებისა და გადამზადების ცენტრის მოწყობის ტექნიკური სამუშაოები და მომდევნო წლიდან ცენტრი აქტიურად დაიწყებს ფუნქციონირებას.
სოსო გიორგაძემ ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის შესახებ, რომლის თანახმადაც, ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში შეიქმნება თანამედროვე ტექნოლოგიური ჰაბი, სადაც განთავსდება „საქპატენტის“ სწავლებისა და გადამზადების ცენტრი.
მისი თქმით, აღნიშნული ცენტრი გააერთიანებს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ცოდნის გავრცელებასთან დაკავშირებულ ყველა მიმართულებას და აღიჭურვება თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიებით.
„საქპატენტის“ თავმჯდომარის განმარტებით, გაფართოების პოლიტიკის შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში საქართველოს განსაზღვრული ჰქონდა რიგი რეკომენდაციების შესრულება ინტელექტუალური საკუთრების სფეროში, რომელიც მოიცავდა ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზებას ევროკავშირის კანონმდებლობასთან.
მომხსენებლის ინფორმაციით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ინტელექტუალური საკუთრების სფეროში მარეგულირებელი აქტები ან მთლიანად შეიცვალა ან ძირეული ცვლილებები განხორციელდა, რის საფუძველზეც გატარდა სხვადასხვა რეფორმები.
„საქპატენტის“ თავმჯდომარემ საპატენტო მიმართულებით ყურადღება გაამახვილა ევროპული პატენტების ვალიდაციის მექანიზმის სრულ ამოქმედებაზე, ელექტრონული საქმის წარმოების გაუმჯობესებასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციასთან მონაცემთა გაცვლის გაძლიერებაზე.
მისი თქმით, ახალმა საკანონმდებლო ცვლილებებმა მნიშვნელოვნად განამტკიცა პატენტრწმუნებულთა ინსტიტუტი და შექმნა უფრო ეფექტიანი და სანდო გარემო ინტელექტუალური საკუთრების დაცვისთვის.
მომხსენებელმა ხაზი გაუსვა სასაქონლო ნიშნებისა და დიზაინის შესახებ კანონებში განხორციელებულ ცვლილებებს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობასა და ევროკავშირის რეგულაციებს შორის სრულ შესაბამისობას უზრუნველყოფს.
სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დიზაინის შესახებ კანონში განხორციელებულ ცვლილებებს, რომელსაც პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა საგაზაფხულო სესიის პერიოდში მხარი დაუჭირა.
საკომიტეტო მოსმენა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა.
მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, რომ მჭიდროდ ითანამშრომლონ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესში საქართველოს მოსახლეობისთვის სასარგებლო რეფორმების გატარების მიმართულებით.