ვუჩიჩი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რომ დაგვეწესებინა, მე გამორჩეულ დემოკრატ ლიდერად გამომაცხადებდნენ, თუმცა ამით ჩვენი ერის სულს ვუღალატებდი
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ თუ ის რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს, მას „მსოფლიოში ყველაზე გამორჩეულ დემოკრატ ლიდერად“ აღიარებენ, თუმცა ამ შემთხვევაში ის სერბი ხალხის „სულს უღალატებს“.
ვუჩიჩი მიიჩნევს, რომ სერბეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარის თქმის გამო ბევრი შესაძლებლობა დაკარგა.
„თუ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს დავაწესებდით, მე გამორჩეულ დემოკრატ ლიდერად გამომაცხადებდნენ. თუმცა ამით ჩვენი ერის სულს ვუღალატებდი. მაგრამ, სულ მცირე, ვაჩვენე, რომ ოთხ-ნახევარი წლის განმავლობაში ჩემი ხალხის სულისთვის ბრძოლა შევძელი“, - განაცხადა ვუჩიჩმა.
სერბეთის პრეზიდენტმა დასძინა, რომ ის არ არის დარწმუნებული, ესმით თუ არა რუსებს, როგორი ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა სერბეთი.
მისი თქმით, დიდი სახელმწიფოები, მათ შორის შეერთებული შტატები, რუსეთი, გერმანია და სხვა ქვეყნები, ელიან, რომ თქვენ გააკეთებთ იმას, რაც მათ სურთ.
„თუ რამეს პირველივე ცდაზე სწორად არ გააკეთებ, მაშინვე ჩათვლიან, რომ საკმარისად კარგი არ ხარ“, - დასძინა ვუჩიჩმა.