ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის თავზე დრონების გაშვება
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განმარტა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ დრონებმა განაგრძონ ფრენა რუსეთის უდიდესი ქალაქების, მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის თავზე. სახელმწიფოს მეთაურმა ამის შესახებ ბრიტანულ გაზეთ The Guardian-თან ინტერვიუში ისაუბრა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, შორი დისტანციის დარტყმების მიზანი - რომლის დროსაც მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის საცხოვრებელი შენობების თავზე დრონები ზუზუნებენ - არის ის, რომ ამ ქალაქების მცხოვრებლებმა „იგრძნონ“, რას ნიშნავს ომი.
„ამ ომში გამარჯვება არის, როდესაც რუსული საზოგადოება აღიარებს, რომ ომი საშინელებაა, რომ ომი ტრაგედიაა არა სხვისთვის, სადღაც, არამედ მათთვის და მე ვფიქრობ, რომ ეს არის იმპულსი“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მან რუს ოლიგარქს რომან აბრამოვიჩს, რომელიც მაისში ფარულად ეწვია კიევს, უთხრა, რომ ის არასდროს დათმობს დონბასს, როგორც ეს მოსკოვს სურს.
ამ შეხვედრაზე საუბრისას ზელენსკიმ აღნიშნა: „ვფიქრობ, პუტინის გარშემო სხვადასხვა ადამიანია. მათგან ნახევარს ამ ომის გაგრძელება სურს. მეორე ნახევარს კი მისი შეჩერება სურს. ვფიქრობ, ბიზნესმენებს ესმით, რომ რუსეთში ეკონომიკა საშინელ მდგომარეობაშია. ის კოლაფსის პირასაა.“