უკრაინულმა დრონებმა ნოვოროსიისკში და სარატოვში ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებს შეუტიეს
უკრაინულმა დრონებმა 13-14 ნოემბერს, ღამით, რუსეთის ქალაქებში, ნოვოროსიისკსა და სარატოვში ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე საჰაერო იერიშები მიიტანეს. ამ ობიექტებზე აფეთქებები და ხანძარი დაფიქსირდა. ინფორმაციას prm.ua ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლება ინფრასტრუქტურის დაზიანებას ადასტურებს. ხანძარი მოხდა ნავთობტერმინალზე „შესხერისზე“, რომელიც ნოვოროსიისკის პორტშია განლაგებული და „ტრანსნეფტის“ ერთ-ერთი საკვანძო საექსპორტო პუნქტია.
ასევე პორტში ერთი გემი დაზიანდა, ეკიპაჟის სამი წევრი დაიჭრა. ქალაქში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, რომლებსაც დრონების ნამსხვრევები მოხვდა.
ადგილობრივი ტელეგრამ-არხები იუწყებიან, რომ აფეთქება რუსეთის 1537-ე საზენიტო პოლკის ტერიტორიაზეც მოხდა. იქ, სავარაუდოდ, S-300 ან S-400 -ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებია განთავსებული.
რაც შეეხება სარატოვს, იქ დრონი ნავთბგადასამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ადგილობრივი ტელეგრამ-არხებმა ქარხნის ტერიტორიაზე ხანძრის ამსახველი ვიდეოები გამოაქვეყნეს.
სარატოვის ადგილობრივმა ხელისუფლებამ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანების ფაქტი დაადასტურა.