Loading data...
უკრაინა ლითიუმის მოპოვების დიდ პროექტს ტრამპთან დაკავშირებულ ინვესტორებს გადასცემს - The New York Times

ინვესტორთა კონსორციუმმა, რომელთა შორი არიან დონალდ ტრამპთან დაკავშირებული პირები, უკრაინაში ლითიუმის მოპოვების სახელმწიფო ტენდერი მოიგო. ამის შესახებ The New York Times იუწყება.

შესაბამისი გადაწყვეტილება უკრაინის სახელმწიფო კომისიამ მიიღო. შეთანხმება პრაქტიკულად მზად არის, მას მხოლოდ უკრაინის მინისტრთა კაბინეტის ოფიციალური თანხმობა სჭირდება.

საუბარია ლითიუმის საბადოზე, რომელიც კიროვოგრადის ოლქში მდებარეობს. ის უკრაინაში ერთ-ერთი უდიდესი საბადოა. ლითიუმი არის საკვანძო ელემენტი ისეთ ტექნოლოგიებში, როგორიცაა ელექტრო აკუმულატორების წარმოება.

NYT-ის ცნობით, ტენდერში გამარჯვებული კონსორციუმი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. კერძოდ, მასში „რესპუბლიკური პარტიის“ სპონსორი და ტრამპის მეგობარი რონალდ ლაუდერი შედის, რომელიც კოსმეტიკური კომპანიის, Estée Lauder-ის მემკვიდრეა.

ასევე ინვესტორებს შორის არის ენერგეტიკული კომპანია TechMet, რომელიც ნაწილობრივ აშშ-ის საინვესტიციო სააგენტოს მფლობელობაში შედის.

უკრაინის სახელმწიფო კომისიაში აცხადებენ, რომ კოსნორციუმმა კონკურენტებს აჯობა და კონკურსის უმეტესი კრიტერიუმები დააკმაყოფილა.

კონკრეტულად რა ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს კონსორციუმი, უცნობია. ტენდერის პირობების მიხედვით, მინიმალური ინვესტიციის ოდენობა 179 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.