ტუსკი კიევს: უფრთხილდით კორუფციას, რადგან თუ მას მოითმენთ, ომს წააგებთ
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი უკრაინის ენერგეტიკულ სექტორში კორუფციულ სკანდალს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მან უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გააფრთხილა, რომ რუსეთმა შესაძლოა, ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში კორუფციის შესახებ ცნობები პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოიყენოს.
„მე გავაფრთხილე პრეზიდენტი ზელენსკი და ჩვენ კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, მისი პრეზიდენტობის პირველივე დღეებიდან - სანამ ვინმე იფიქრებდა, რომ ეს სრულმასშტაბიანი ომი მოხდებოდა - რომ ევროპაში რუსული და პრორუსული პარტიების ერთ-ერთი მთავარი ნარატივი ის არის, რომ დამოუკიდებელი უკრაინა კორუმპირებული უკრაინაა“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.
„რუსებისთვის ეს ყოველთვის ძალიან ძლიერი არგუმენტი იყო: „როგორი სახელმწიფოა ეს? ნუ მიიღებთ ამას სერიოზულად, ეს ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა“. ევროპაშიც კი ზოგიერთი მიიჩნევს, რომ უკრაინა უფრო კორუმპირებულია, ვიდრე რუსეთი. მე ვუთხარი პრეზიდენტ ზელენსკის, რომ ყურადღებით ყოფილიყო მის გარშემო კორუფციის ნებისმიერი, თუნდაც უმცირესი ნიშნის მიმართ, რადგან ეს მისი რეპუტაციისთვის გადამწყვეტია“, - დასძინა ტუსკმა.
ამასთან, ტუსკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთი მხარს უჭერს უკრაინას და ამას გააგრძელებს, რადგან დამოუკიდებელი უკრაინული სახელმწიფო პოლონეთის ინტერესებშია. თუმცა, მან დასძინა, რომ უკრაინის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში კორუფციის შესახებ ბოლო დროს გავრცელებული ცნობები „სულ უფრო და უფრო ართულებს სხვადასხვა პარტნიორის დარწმუნებას უკრაინის მიმართ სოლიდარობაში“ რუსეთთან ბრძოლაში.
„დღეს ეს პროუკრაინული ენთუზიაზმი გაცილებით სუსტია როგორც პოლონეთში, ასევე მთელ მსოფლიოში. ხალხი დაიღალა ომით, დაიღალა ხარჯებით და რუსეთთან ომში უკრაინის მხარდაჭერის პოპულარიზაცია არც ისე ადვილია“, - განაცხადა ტუსკმა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, შეცდომა იყო უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (NABU) დამოუკიდებლობის დემონტაჟის მცდელობა.
„მათ ეს საკითხი გადაიტანეს და, როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში უკრაინის მთავრობასა და პრეზიდენტ ზელენსკის ნამდვილად გადაწყვეტილი აქვთ, პასუხი მოსთხოვონ ამ კორუფციაში დამნაშავე პირებს“, - აღნიშნა მან.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე მიმართა ყველას, „ვისაც უკრაინაში სათქმელი აქვს“.
„უფრთხილდით კორუფციას, უფრთხილდით რუსულ მოდელს, რადგან თუ ასეთ ინციდენტებს მოითმენთ, ომს წააგებთ“, - დაასკვნა ტუსკმა.