ტრამპმა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, მის მიერ დაწესებული ტარიფების უკანონოდ ცნობის შესახებ, „სირცხვილი“ უწოდა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, მის მიერ დაწესებული ტარიფების უკანონოდ ცნობის შესახებ, „სირცხვილი“ უწოდა. ამის შესახებ CNN-მა შეიტყო.
ორი წყაროს ცნობით, ტრამპმა ეს განცხადება თეთრ სახლში გუბერნატორებთან ერთად საუზმის დროს გააკეთა.
ერთ-ერთი წყაროს თქმით, მან გადაწყვეტილებას „სირცხვილი“ უწოდა და დამსწრეებს აცნობა, რომ სარეზერვო გეგმა აქვს.
როგორც CNN-ი წერს, ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები უზენაეს სასამართლოში დამარცხებისთვის ემზადებოდნენ და პრეზიდენტს არწმუნებდნენ, რომ თუ სასამართლო მის მიერ დაწესებულ ტარიფებს გააუქმებდა, მათი განხორციელების სხვა გზებიც იარსებებდა.
რამდენიმე ინფორმირებული ადამიანის ცნობით, პრეზიდენტი ბოლო კვირების განმავლობაში პირად საუბრებში გაბრაზებული ჩიოდა, რომ უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილების მიღებას აჭიანურებდა.
საკითხთან ახლოს მყოფი წყაროს ცნობით, ის ასევე მუდმივად ფიქრობდა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა სასამართლო. ერთ მომენტში ტრამპმა თქვა, რომ არ ეგონა, რომ უზენაესი სასამართლო ტარიფების წინააღმდეგ გადაწყვეტილებას გამოიტანდა, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი რამ იდო სასწორზე, რითაც მიანიშნა უკვე შეგროვებულ მილიარდობით დოლარზე.