ტრამპმა ჰერცოგს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ნეთანიაჰუს შეწყალებას სთხოვს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ოფიციალურად სთხოვს, შეიწყალოს პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომლის წინააღმდეგაც კორუფციის ბრალდებით სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.
„ჩემთვის პატივია, მოგწეროთ ამ ისტორიულ დროს, რადგან ჩვენ ერთად ახლახან უზრუნველვყავით მშვიდობა, რომელსაც სულ მცირე 3000 წელია, ვეძებთ“, - წერს ტრამპი თავის წერილში, რომელიც ჰერცოგმა 12 ნოემბრის დილას მიიღო.
„ამით მოგიწოდებთ, სრულად შეიწყალოთ ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომელიც ომის დროს ძლიერი და გადამწყვეტი პრემიერ-მინისტრი იყო, ახლა კი ისრაელი მშვიდობიან პერიოდში შეჰყავს, რაც მოიცავს ჩემს მუდმივ მუშაობას ახლო აღმოსავლეთის მთავარ ლიდერებთან, რათა კიდევ ბევრი ქვეყანა შეუერთდეს მსოფლიოს შემცვლელ აბრაამის შეთანხმებებს“, - აღნიშნავს ტრამპი.
აშშ-ის პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ აბსოლუტურად პატივს სცემს ისრაელის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას, თუმცა ნეთანიაჰუს წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებებს გმობს, როგორც „პოლიტიკურ, გაუმართლებელ დევნას“.
„ისააკ, ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა დავამყარეთ, რომლისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ და რომლის მიმართაც პატივისცემით ვარ განწყობილი. იანვარში ჩემი ინაუგურაციისთანავე შევთანხმდით, რომ ყურადღება უნდა გამახვილებულიყო მძევლების საბოლოოდ სახლში დაბრუნებასა და სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაზე. ახლა, როდესაც ჩვენ მივაღწიეთ ამ უპრეცედენტო წარმატებებს და „ჰამასს“ ვაკონტროლებთ, დროა, ბიბის მივცეთ ისრაელის გაერთიანების საშუალება მისი შეწყალების და ამ კანონის ერთხელ და სამუდამოდ დასრულების გზით“, - დასძენს ტრამპი.
აღსანიშნავია, რომ გასულ თვეს ქნესეთში სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა ჰერცოგს ნეთანიაჰუს შეწყალებისკენ მოუწოდა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი კორუფციის, მექრთამეობისა და თაღლითობის ბრალდებით 2020 წლიდან მიმდინარეობს.
ჰერცოგი პოზიციის დაფიქსირებაზე უარს ამბობს, მისი ოფისის განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ შეწყალების მოთხოვნამ სათანადო არხები უნდა გაიაროს.
„პრეზიდენტი დიდ პატივს სცემს პრეზიდენტ ტრამპს და არაერთხელ გამოხატავს მადლიერებას ტრამპის მიერ ისრაელისადმი ურყევი მხარდაჭერისა და მძევლების დაბრუნების, ახლო აღმოსავლეთისა და ღაზას სექტორის რეორგანიზაციისა და ისრაელის უსაფრთხოების დაცვის საქმეში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, შეწყალების მსურველმა ნებისმიერმა პირმა უნდა წარადგინოს ოფიციალური მოთხოვნა დადგენილი პროცედურების შესაბამისად“, - ნათქვამია ისრაელის პრეზიდენტის რეზიდენციის განცხადებაში.