ტრამპი: განიხილება ირანზე დაწესებული ტარიფებისა და სანქციების შემსუბუქება, ურანის გამდიდრება არ მოხდება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ განიხილება ირანზე ადრე დაწესებული ტარიფებისა და სანქციების შემსუბუქება.
მისი თქმით, ვაშინგტონი თეირანთან მჭიდროდ ითანამშრომლებს.
ამასთან, ტრამპი წერს, რომ ირანთან დადებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მრავალი პუნქტი უკვე შეთანხმებულია.
„შეერთებული შტატები მჭიდროდ ითანამშრომლებს ირანთან, რომელმაც, როგორც ჩვენ გავარკვიეთ, რეჟიმის ძალიან პროდუქტიული ცვლილება განიცადა! ურანის გამდიდრება არ მოხდება და შეერთებული შტატები ირანთან ერთად ამოთხრის და გაიტანს ღრმად ჩაფლულ ბირთვულ „მტვერს“. ახლა ის მკაცრი თანამგზავრული კონტროლის ქვეშ არის (კოსმოსური ძალები!). თავდასხმის მომენტიდან არაფერი შეცვლილა. ჩვენ განვიხილავდით და განვიხილავთ ირანთან ერთად ტარიფებისა და სანქციების შემსუბუქებას. 15 პუნქტიდან ბევრი უკვე შეთანხმებულია“,- წერს ტრამპი.