„ტომაჰავკები“, ტრამპისა და პუტინის დაანონსებული შეხვედრა - ზელენსკიმ გაამხილა, თუ რაზე ისაუბრა ტრამპთან დახურულ კარს მიღმა
თეთრ სახლში დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა იარაღის მიწოდებაზე, განსაკუთრებით კი შორი დისტანციის იარაღის მიწოდებაზე იმსჯელეს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ ვისაუბრეთ საჰაერო თავდაცვაზე; ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სანამ ახლა ვსაუბრობთ, ბევრი დრონი გამოიყენება უკრაინის წინააღმდეგ დარტყმებისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს, განსაკუთრებით [იარაღის] წარმოებაზე. ყველა ამ გრაფიკისა და ვადების საკითხი - ეს ყველაფერი კომპლექსური საკითხებია. ამიტომ ჩვენი გუნდი შეეცდება, განიხილოს შეკვეთები სხვადასხვა სისტემიდან, სხვადასხვა ქვეყნიდან. თუმცა დადებითი ნიშანი ის არის, რომ ჩვენ ვიმუშავებთ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, ტრამპთან საუბრის ნაწილი ასევე „შორი მოქმედების სისტემებს“ [სავარაუდოდ, „ტომაჰავკის“ ფრთოსან რაკეტებს] შეეხო. თუმცა მან დეტალების გამჟღავნებაზე უარი თქვა.
„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ახლა ამაზე [საჯაროდ] არ ვისაუბრებთ. შეერთებულ შტატებს ესკალაცია არ სურს, ამიტომ ამასთან დაკავშირებით ნებისმიერი კითხვა პასუხგაუცემელი დარჩება“, - განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს.
თუმცა ჟურნალისტებმა მაინც სცადეს „ტომაჰავკებზე“ კითხვების დასმა. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ზელენსკის ჰკითხა, ტრამპთან შეხვედრის შემდეგ „ტომაჰავკის“ რაკეტების მიწოდებასთან დაკავშირებით უფრო ოპტიმისტურად იყო განწყობილი, თუ ნაკლებად. „მე რეალისტი ვარ“, - მოკლედ და ღიმილით უპასუხა უკრაინის ლიდერმა.
„ამერიკულმა მხარემ განაცხადა, რომ მათ ესმით, რომ ისინი გვჭირდება. არავის დაუხურავს ეს საკითხი. ჩვენ ამ საკითხზე მეტი უნდა ვიმუშაოთ“, - უპასუხა ზელენსკიმ სხვა ჟურნალისტის კითხვას „ტომაჰავკებთან“ დაკავშირებით.
პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს ტრამპისა და პუტინის ბუდაპეშტში დაანონსებული შეხვედრა.
„პრეზიდენტმა [ტრამპმა] გამიზიარა თავისი დიალოგი რუსულ მხარესთან. ამიტომ ჩვენ გვესმის რუსეთიდან წამოსული ყველა სიგნალი. ისინი ახალი არ არის. ჩვენ პრეზიდენტ ტრამპის ზეწოლას ველოდებით, რათა ეს ომი დასრულდეს“, - განაცხადა უკრაინის ლიდერმა.