Loading data...
The Washington Post: ტრამპის ადმინისტრაცია რამდენიმე უკრაინელის დეპორტაციას გეგმავს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მიგრანტების გაძევების მასშტაბური კამპანიის ფარგლებში, სავარაუდოდ, შეერთებული შტატებიდან ათობით უკრაინელის დეპორტაცია განხორციელდება, იუწყება The Washington Post-ი.

გამოცემა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის სასამართლო დოკუმენტებს ციტირებს, რომლებშიც ნათქვამია, რომ აშშ-ის მთავრობა 41 წლის რომან სუროვცევის უკრაინაში დეპორტაციას აპირებს. ეს, სავარაუდოდ, ორშაბათს მოხდება.

მისი ადვოკატების განცხადებით, აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახური, სავარაუდოდ, უკრაინის მოქალაქეების „მნიშვნელოვანი რაოდენობის“ დეპორტაციას შეეცდება. სხვა უკრაინელები უკვე დააკავეს და გააფრთხილეს, რომ მათ „ორშაბათს სამხედრო რეისებით უკრაინაში, ან პოლონეთში გადაიყვანენ“, - იტყობინება WP.

აშშ-ში უკრაინის ელჩის ოლგა სტეფანიშინას თქმით, საელჩოს აქვს ინფორმაცია „უკრაინის დაახლოებით 80 მოქალაქის“ შესახებ, რომლებზეც გაცემულია საბოლოო დეპორტაციის ბრძანება „აშშ-ის კანონმდებლობის დარღვევისთვის“. მან დასძინა, რომ აშშ-ის ხელისუფლება უკვე მუშაობს ლოგისტიკურ საკითხებზე, უკრაინაში პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის არარსებობის გათვალისწინებით.

„აშშ-ს შეუძლია იმდენი ადამიანის დეპორტირება, რამდენიც სურს“, - განუცხადა გამოცემას უკრაინის პრეზიდენტის ანონიმურმა მრჩეველმა.

ამასთან, სუროვცევის ადვოკატები შეშფოთებულნი არიან იმით, რომ ზოგიერთ უკრაინელს არ ეძლევა უფლება, დეპორტაციამდე გამოიყენოს სპეციალური პროცედურა „დეპორტაციის შიშის“ გამოსახატავად, რაც ამერიკული კანონმდებლობის დარღვევაა.

„უკრაინა საომარი ზონაა, ამჟამად საომარ მდგომარეობაშია და სავარაუდოა, რომ ნებისმიერ დეპორტირებულ პირს იძულებით გაიწვევენ ჯარში და ფრონტზე გაგზავნიან, სადაც ისინი სიკვდილის მაღალი რისკის ქვეშ იქნებიან“, - განაცხადეს უკრაინელმა ადვოკატებმა.

WP-ის ცნობით, რომან სუროვცევიც და კიდევ ერთი უკრაინელი, ანდრეი ბერნიკი, რომელსაც ასევე დეპორტაცია ემუქრება, უკრაინის მკვიდრნი არიან, თუმცა შეერთებულ შტატებში ბავშვობაში, საბჭოთა კავშირის დროს ჩავიდნენ და მათი უკრაინის მოქალაქეობის სტატუსი არასოდეს დადასტურებულა.