სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარ პროკურორს კარიმ ხანს უფლებამოსილება შეუჩერეს
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარ პროკურორს, კარიმ ხანს უფლებამოსილება დროებით შეუჩერდა მას შემდეგ, რაც მის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის ბრალდებებით დაწყებული დისციპლინური პროცესი დასრულდა, - ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
სასამართლოს მმართველმა ორგანომ გადაწყვეტილება მას შემდეგ გამოაცხადა, რაც მისმა აღმასრულებელმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ხანის წინააღმდეგ საქმის სასამართლოს წევრი სახელმწიფოების სპეციალურ სხდომაზე გადაგზავნას, რათა მათ მისი მომავალი განიხილონ.
მედიის ინფორმაციით, სასამართლოს წევრი ქვეყნების 21 წევრიანმა კომიტეტმა უმრავლესობით დაასკვნა, რომ ხანმა „სერიოზული გადაცდომა“ ჩაიდინა. სასამართლოს მმართველმა ორგანომ აღნიშნა, რომ მისი დროებითი ჩამოშორება არ ნიშნავს საბოლოო გადაწყვეტილებას.
აღსანიშნავია, რომ ხანს უკვე შეჩერებული ჰქონდა იმ განყოფილების ხელმძღვანელობა, რომელიც ომის დანაშაულებსა და სხვა მძიმე საერთაშორისო დანაშაულებს იძიებს. თავად კარიმ ხანი ბრალდებებს უარყოფს.
ხანის წინააღმდეგ ბრალდებები პირველად 2024 წელს გაჟღერდა. სარჩელი შეიტანა ქალმა, რომელიც მასთან ჰააგაში, სასამართლოს შტაბ-ბინაში მუშაობდა და ის 2023-2024 წლებში ხანის ქცევას ეხება.