სირსკის განცხადებით, პოკროვსკი რუსეთის შეტევის მთავარ მიმართულებად რჩება
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ ანგარიში წარადგინა.
სირსკის განცხადებით, პოკროვსკის მიმართულება რუსების შეტევის მთავარ ფოკუსად რჩება.
„ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ამ მიმართულებით დანაყოფების გაძლიერებას, ჩვენი ჯარისკაცების უზრუნველყოფას ყველაფრით, რაც მათ სჭირდებათ. პოკროვსკისა და მის შემოგარენში ეფექტურად მოქმედებენ უკრაინის დამცველები მექანიზებული სამხედრო ნაწილებიდან, საჰაერო-სადესანტო-მოიერიშე ძალების ბრიგადებიდან, 425-ე ცალკეული მოიერიშე პოლკის ქვედანაყოფებიდან,და უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა ჯარისკაცები“, - აცხადებს სირსკი.
მისივე თქმით, რუსულ ძალებს მნიშვნელოვანი დანაკარგი აქვს.
„მხოლოდ გასული 24 საათის განმავლობაში მტერმა დაკარგა 239 ადამიანი და სამხრეთის ჯარების ოპერატიულ არეალში 43 ერთეული სხვადასხვა სამხედრო ტექნიკა“, - დასძინა სირსკიმ.