სიკორსკი: ომი დასრულდება მაშინ, როდესაც პუტინი ბრძოლას შეწყვეტს
„ომი არ დასრულდება მაშინ, როდესაც უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, რადგან ამ შემთხვევაში უკრაინაც დასრულდება. ომი დასრულდება მაშინ, როდესაც პუტინი ბრძოლას შეწყვეტს“, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ყველას სურს მშვიდობა. თუ უკრაინა დანებდებოდა, მშვიდობა იქნებოდა. ამიტომ პუტინსაც სურს მშვიდობა. საკითხავია, რა პირობებში“, - აღნიშნა პოლონელმა მინისტრმა.
მისი თქმით, საკითხავია, დაცული იქნება თუ არა გაეროს წესდება, დაცული იქნება თუ არა უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც უკრაინას ჰქონდა, მათ შორის რუსეთის ფედერაციისგან, და საკითხავია, როგორ მივაღწიოთ ამას.
„ომი არ დასრულდება, როდესაც უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას - ამ შემთხვევაში, უკრაინაც დასრულდება. ომი დასრულდება მაშინ, როცა პუტინი ბრძოლას შეწყვეტს. ეს ნიშნავს, რომ ის უნდა მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ ომი შეცდომა იყო და მისი მოგება შეუძლებელია...
ის რეალურად უფრო ახლოს არის ამ საკითხთან, ვიდრე ამას აჩვენებს. ის თავმომწონეა. ის ცდილობს, თავისი როლი შეასრულოს ჰიპოთეტურ მოლაპარაკებებში, მაგრამ შეერთებულ შტატებს, ევროპასა და უკრაინას იმაზე ძლიერი კარტები აქვთ, ვიდრე მას ჰგონია“, - ხაზგასმით აღნიშნა სიკორსკიმ.