შვეიცარია აცხადებს, რომ ტარიფების 15%-მდე შემცირების შესახებ აშშ-სთან შეთანხმებას მიაღწია
შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ განაცხადა, რომ რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ შეერთებულ შტატებთან შვეიცარიულ საქონელზე ტარიფების შემცირების შესახებ შეთანხმებას მიაღწია. ამის შესახებ საბჭოს X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
შვეიცარიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ შეთანხმების თანახმად, აშშ-ის მიერ პროდუქტებზე დაწესებული ტარიფები ამჟამინდელი 39%-დან 15%-მდე შემცირდება.
„მადლობას ვუხდით აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის. აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელთან, ელჩ ჯემისონ გრირთან შეხვედრა პროდუქტიული იყო“, - დასძინა ფედერალურმა საბჭომ.
შვეიცარიასთან სავაჭრო შეთანხმების მიღწევა CNBC-ის ეთერში თავად გრირმაც დაადასტურა.
„ჩვენ ფაქტობრივად მივაღწიეთ შეთანხმებას შვეიცარიასთან, ამიტომ დეტალებს დღეს გამოვაქვეყნებთ თეთრი სახლის ვებსაიტზე“, - განაცხადა მან.
გრირმა დასძინა, რომ შეთანხმების პირობების თანახმად, შვეიცარია შეერთებულ შტატებში დიდი რაოდენობით სამრეწველო პროდუქციის ექსპორტს განახორციელებს და სავაჭრო ნაშთს შეამცირებს.