„შესაძლოა, ისრაელს ეს არ მოეწონოს“ - ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ აშშ-ის ინტერესებში ირანის ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით გრძელვადიან გარიგების მიღწევაა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის თქმით, შეერთებულ შტატებსა და ისრაელს „ბევრი საერთო ინტერესი აქვთ, თუმცა ასევე არის სიტუაციები, როდესაც მათი ინტერესები განსხვავდება“.
ამგვარად ვენსმა უპასუხა Fox News-ის წამყვანის კითხვას, შეშფოთებულია თუ არა აშშ-ზე ისრაელის ჯაშუშობით და ლიბანში ისრაელის ქმედებებით.
„ვფიქრობ, პრეზიდენტი ძალიან მკაფიოდ ამბობდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისრაელს აშკარად აქვს გარკვეული მიზნები, შეერთებული შტატების მთავარი მიზანი ირანში არის იმის უზრუნველყოფა, რომ ირანს არ ჰქონდეს ბირთვული იარაღი“, - აღნიშნა ვენსმა.
„ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჩვენ შევქმენით საჭირო სივრცე, სადაც, პრეზიდენტი მიიჩნევს - და, ვფიქრობ, ის მართალია - შეგვიძლია მივაღწიოთ ირანის ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებულ გრძელვადიან გარიგებას.
ახლა ისრაელს შეიძლება ეს მოეწონოს, შეიძლება - არა. მაგრამ, ფუნდამენტურად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ამერიკის შეერთებული შტატების საუკეთესო ინტერესებში შედის“, - დასძინა მან.
კითხვას, „ცდილობენ, თუ არა ირანელები ამერიკელი მომლაპარაკებლების მოტყუებას“, ვენსმა უპასუხა: „ყველა ყოველთვის ცდილობს ყველას მოტყუებას“.
მისი თქმით, განსხვავებით შეთანხმებისგან, რომელზე მოლაპარაკებებსაც ტრამპის ადმინისტრაცია აწარმოებს, 2015 წლის ბირთვული შეთანხმების პრობლემა „ის არის, რომ არ არსებობდა სათანადო ინსპექტირების რეჟიმი იმის უზრუნველსაყოფად, რომ ირანელები ვერასდროს შეძლებდნენ ბირთვული იარაღის შექმნას“.
„ეს ერთ-ერთი დიდი განსხვავებაა იმ დროს მომხდარსა და იმას შორის, რასაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი მიიღებს, თუკი საბოლოოდ შევძლებთ შეთანხმების მიღწევას“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
„ჩვენ ვაპირებთ, შემდეგი პოზიცია დავიკავოთ: „შეასრულეთ პრეზიდენტის მისია, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში გადაამოწმეთ, რომ ირანელები იცავენ გარიგების თავიანთ ნაწილს“. ეს რთული ამოცანაა, მაგრამ პრეზიდენტმა კარგ პოზიციაში ჩაგვაყენა ამის მისაღწევად“, - განაცხადა მან.
ამასთან, ვენსის მტკიცებით, ირანელებს „არ სურთ ამ ომის გაგრძელება“.
„ეს მათ ინტერესებში არ შედის და ვფიქრობ, ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან მოდიან და გარკვეულ საკითხებს გვთავაზობენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას გადავამოწმებთ, მაგრამ თუ ამ შეთანხმებას მივაღწევთ, ეს ამერიკელი ხალხისთვის დიდი გამარჯვება იქნება“, - დასძინა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.