რუსეთის სახელმწიფო დუმამ ეროვნული მესენჯერის შექმნის შესახებ კანონი მიიღო

რუსეთის სახელმწიფო დუმამ მეორე და მესამე მოსმენით მიიღო ცვლილება რუსეთის ფედერაციაში ეროვნული, მრავალფუნქციური ციფრული სერვისის შექმნის შესახებ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
კანონის თანახმად, რუსეთის მთავრობა განსაზღვრავს ორგანიზაციას, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მრავალფუნქციური ინფორმაციის გაცვლის სერვისის გაშვებასა და ფუნქციონირებაზე.
როგორც „ვედომოსტი“ განმარტავს, მიღებული კანონის მიზანია კომფორტული და უსაფრთხო ციფრული გარემოს შექმნა. მოსალოდნელია, რომ სერვისი მოქალაქეებს, ასევე სახელმწიფო და მუნიციპალურ ხელისუფლებას, უსაფრთხო ვირტუალური კომუნიკაციის შესაძლებლობას მისცემს.
„მოსალოდნელია, რომ ის გააერთიანებს მესენჯერისა და სამთავრობო სერვისების ფუნქციებს. ანგარიშში ნათქვამია, რომ სერვისი ციფრული პირადობის მოწმობის გამოყენებით იდენტიფიკაციის საშუალებას მოგცემთ. გარდა ამისა, პლატფორმაზე საგანმანათლებლო სერვისები გადავა“, - წერს რუსული მედია.
„კანონის მიღება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ახალი ეროვნული მრავალფუნქციური სერვისის შექმნის საშუალებას იძლევა“, - განაცხადა სახელმწიფო სათათბიროს საინფორმაციო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ სერგეი ბოიარსკიმ.
მისივე თქმით, შეიქმნება სანდო და უსაფრთხო გარემო კომუნიკაციისთვის, სატელეფონო ზარებისთვის და ამავდროულად, სამთავრობო და კომერციული მომსახურების მისაღებად.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნულ კანონს მხარი დაუჭირა და თქვა, რომ ახალი სერვისი კონკურენტუნარიანი უნდა იყოს უცხოურ ანალოგებთან შედარებით.