რომის პაპი: იტალიას აქვს შესაძლებლობა, იყოს შუამავალი სხვადასხვა მხარეს შორის არსებულ კონფლიქტში
პაპი ლეო XIV მიიჩნევს, რომ ევროპა აქტიურად უნდა იყოს ჩართული „სამშვიდობო გეგმის“ შემუშავებაში, რათა შეწყდეს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომი.
რომის პაპმა განაცხადა, რომ წმინდა საყდარმა არაერთხელ მოუწოდა „ცეცხლის შეწყვეტისკენ, დიალოგისკენ და არა ომისკენ“.
„ერთი მხრივ, შეერთებული შტატების პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მას შეუძლია ხელი შეუწყოს „სამშვიდობო გეგმას“, რომლის განხორციელებაც მას სურს და რომელიც, თავდაპირველად, არ ითვალისწინებდა ევროპის მონაწილეობას, მაგრამ ევროპის ყოფნა მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანია და ეს თავდაპირველი გეგმაც ევროპის განცახდებების გამო შეიცვალა“, - აღნიშნა ლეო XIV-მ.
პაპმა განსაკუთრებით ახსენა იტალია, რომლის როლი სამშვიდობო პროცესში, მისი თქმით, „შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს“.
„ისტორიულად, იტალიას აქვს შესაძლებლობა, იყოს შუამავალი სხვადასხვა მხარეს შორის არსებულ კონფლიქტში: უკრაინა, რუსეთი, შეერთებული შტატები“, - დასძინა რომის პაპმა.