Loading data...
Reuters: ნორვეგიამ საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა კაცზე, რომელიც „ჰეზბოლას“ პეიჯერების აფეთქებასთან არის დაკავშირებული

ნორვეგიის პოლიციამ საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა ნორვეგიელ-ინდოელ კაცზე, რომელიც ეჭვმიტანილია ლიბანის ტერორისტულ დაჯგუფება „ჰეზბოლასთვის“ იმ პეიჯერების მიყიდვაში, რომლებიც დაჯგუფების წევრებს გასულ კვირას აუფეთქდათ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

39 წლის რინსონ ხოსე გასულ კვირას აშშ-ში სამუშაო ვიზიტის დროს გაუჩინარდა. ის ბულგარული კომპანიის დამფუძნებელია, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, პეიჯერების მიწოდების ჯაჭვის ნაწილი იყო.

„გუშინ, 25 სექტემბერს, ოსლოს პოლიციამ შეტყობინება მიიღო უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის შესახებ, რომელიც პეიჯერების საქმესთან არის დაკავშირებული. დაკარგული პირის წინააღმდეგ საქმე აღძრულია და მის მიმართ დაპატიმრების ორდერი გაიცა“, - განაცხადა ოსლოს პოლიციამ Reuters-ისთვის გაგზავნილ ელექტრონულ წერილში.

ეჭვმიტანილმა მასთან ბოლო სატელეფონო კონტაქტის დროს, 18 სექტემბერს, უარი თქვა პეიჯერებთან დაკავშირებით კომენტარი გაეკეთებინა.

ხოსეს ნორვეგიელმა დამსაქმებელმა DN Media Group-მა განაცხადა, რომ ის 17 სექტემბერს ბოსტონში კონფერენციაზე დასასწრებად გაემგზავრა და კომპანია 18 სექტემბრის შემდეგ მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებს. ის მუშაობს ჯგუფის გაყიდვების განყოფილებაში.

ცნობისთვის, გასულ კვირას ლიბანში „ჰეზბოლას“ წევრებს ელექტრონული მოწყობილობები აუფეთქდათ, რის შედეგადაც სულ მცირე 39 ადამიანი დაიღუპა, ათასობით კი დაიჭრა. დაჯგუფება მომხდარში ისრაელს ადანაშაულებს.

ბულგარეთმა გამოიძია კომპანიის როლი აფეთქებული პეიჯერების მიწოდებაში, მაგრამ ვერ აღმოაჩინა რაიმე მტკიცებულება, რომ ისინი დამზადებული, ან გატანილი იყო ქვეყნიდან.