პუტინი: ევროპამ თავად გაწყვიტა რუსეთთან კონტაქტი და ტრამპის ძალისხმევას ხელს უშლის
კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა ევროპა რუსეთთან კონტაქტების „გაწყვეტაში“ დაადანაშაულა და ასევე, განაცხადა, რომ ის „ხელს უშლის“ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „სამშვიდობო გეგმას“. იტყობინება „ინტერფაქსი“.
პუტინმა აღნიშნა, რომ ევროპელები „განაწყენებულნი“ იყვნენ იმით, რომ „სავარაუდოდ, ისინი მოლაპარაკებებიდან გარიცხეს“.
„მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ისინი არავის ჩამოშორებია. ჩვენ მათთან მჭიდრო კონტაქტი გვქონდა, შემდეგ კი მათ მოულოდნელად გაწყვიტეს რუსეთთან ურთიერთობა. ეს მათი ინიციატივა იყო“, - განაცხადა კრემლის ლიდერმა.
სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროპელებიც უკმაყოფილონი არიან დღევანდელი შედეგებით და მათ დაიწყეს აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციისა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მცდელობების შეფერხება.
„მათ თავად უარი თქვეს სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე და ხელს უშლიან პრეზიდენტ ტრამპს“, - განაცხადა პუტინმა.