Loading data...
ფიოდორ ვენისლავსკი: ომი დასასრულს უახლოვდება, წლები არ გაგრძელდება

რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ დასასრულს უახლოვდება და სავარაუდოა, რომ ეს 2026 წლის დასაწყისში მოხდება, - ამის შესახებ უკრაინის რადას თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ფიოდორ ვენისლავსკიმ განაცხადა.

„ჟენევაში ჩვენი დელეგაციის წარმომადგენლებს ვესაუბრე და ვიცი, რომ უკრაინის უმნიშვნელოვანესი ინტერესები დაცული იყო. ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები ამას დაეთანხმნენ. ახლა, სამშვიდობო პროცესი იმ ეტაპზეა, როდესაც პარტნიორებთან უკვე შეთანხმებული პუნქტები ვიტკოფმა მოსკოვში უნდა შეათანხმოს“, - აღნიშნა მან.

ამის შემდეგ, დეპუტატის თქმით, ჩვენ გვექნება გარკვეული უკუკავშირი და გავიგებთ, მზად არის თუ არა მოსკოვი ზოგადად მშვიდობისთვის.

ვენისლავსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ძალისხმევამ და ამ სამშვიდობო გეგმაზე რეაქციამ აჩვენა, რომ უკრაინა ყოველთვის მზად არის მშვიდობისთვის.

როგორც დეპუტატი აცხადებს, ის ფაქტი, რომ „ჩვენ ჟენევაში წავედით, შევთანხმდით ზოგიერთ პუნქტზე, რომელიც შეიძლება ჩვენთვის არც ისე სასიამოვნო იყოი, აჩვენებს, რომ უკრაინა მზადაა ხელი მოაწეროს სამშვიდობო გეგმას“

„ახლა ბურთი რუსეთის მოედანზე იქნება და ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი იქნება. პუტინის განცხადებების გათვალისწინებით, რუსეთმა არ თქვა უარი ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებზე სრული კონტროლის მოპოვების მაქსიმალისტურ მიზნებზე. მათ სურთ, რომ ეს აღიარებული იყოს. ჩვენთვის ეს მიუღებელია“, - განმარტა მან.

მისი აზრით, იქნება მოლაპარაკების პროცესი, სადაც შეთანხმებული იქნება უკრაინისთვის მისაღები და მიუღებელი პოზიციები.

„ფაქტობრივად, ჩვენ გვესმის, რომ დღეს არ არსებობს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების შესაძლებლობა. ამიტომ, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ტერიტორიები, სავარაუდოდ, გარკვეული დროის განმავლობაში დროებით ოკუპირებული დარჩება“, - აღნიშნა უკრაინელმა დეპუტატმა.

ვენისლავსკი, ასევე, იმედოვნებს, რომ ამერიკელი პარტნიორები ყველა ღონეს იხმარენ ომის შესაჩერებლად.

„მე ეს ჯერ კიდევ სექტემბერში ვთქვი, რომ როგორც კი უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტები შეხვდებიან, შემდეგ კი უკრაინა, აშშ და ჩვენი ევროპელი პარტნიორები, ომის დასრულების დრო, ალბათ, კვირებში იქნება გამოთვლილი და არა თვეებში. და მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი ისედაც ამისკენ მიდის. დარწმუნებული ვარ, რომ ომი დასასრულს უახლოვდება. შესაძლოა, ეს ასე სწრაფად არ მოხდეს, წელს არა (თუმცა არ გამოვრიცხავ, რადგან მთელი დეკემბერი ჯერ კიდევ გვაქვს) ან ეს თებერვალში, მარტში მოხდება. მაგრამ ეს ნამდვილად მოკლევადიანი პერსპექტივაა და არა გრძელვადიანი. ომი ნამდვილად არ გაგრძელდება წლები“, - დასძინა მან.