პენტაგონის ხელმძღვანელი: პუტინი ვერ მოიგებს ომს უკრაინაში, თუნდაც ჩრდილოეთ კორეის ჯარების დახმარებით
პენტაგონის ხელმძღვანელის ლოიდ ოსტინის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის ჯარების ჩართვაც კი ვერ დაეხმარება კრემლის მმართველ ვლადიმერ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომში. ამის შესახებ ლოიდ ოსტინმა სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრ კიმ იონგ-ჰიონთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სამხრეთ კორეელ კოლეგასთან „ამ სახიფათო და დესტაბილიზაციური ესკალაციის“ მიმართ შესაძლო რეაქცია განიხილა.
„ამჟამად არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთის აღმოსავლეთ ნაწილში დაახლოებით 10 000 ჯარისკაცი გაგზავნა სწავლების მიზნით. ამ სამხედროების ნაწილი უკვე მიუახლოვდა უკრაინას“, - განაცხადა ოსტინმა.
მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები რუსულ ფორმაში არიან გამოწყობილნი და რუსული აღჭურვილობით არიან უზრუნველყოფილნი.
„სულ უფრო შეშფოთებული ვარ, რომ კრემლი გეგმავს, ეს ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები კურსკის ოლქში რუსეთის სამხედრო ოპერაციების მხარდასაჭერად გამოიყენოს“, - დასძინა პენტაგონის ხელმძღვანელმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამხედრო დახმარებისთვის ჩრდილოეთ კორეის მსგავსი თაღლითური სახელმწიფოსთვის მიმართვა მხოლოდ ხაზს უსვამს, თუ რამდენად დიდია პუტინის პრობლემები.
ოსტინმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები სრულად აცნობიერებს შედეგებს როგორც ევროპის, ისე ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის უსაფრთხოებისთვის.
„პუტინი ვერ გაიმარჯვებს უკრაინაში ჩრდილოეთ კორეის დახმარებითაც კი, მაგრამ ეს ღრმად შემაშფოთებელი მოვლენები მხოლოდ ხაზს უსვამს ჩვენი კავშირის მნიშვნელობას კორეის რესპუბლიკასთან და სხვა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რომლებიც ჩვენი საერთო უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ერთგულნი არიან“, - განაცხადა ოსტინმა.