პენტაგონის ხელმძღვანელი: აშშ-მა ახალი სარაკეტო დარტყმის შედეგად, ვენესუელის სიახლოვეს ხომალდი გაანადგურა, რომელსაც, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალებები გადაჰქონდა
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა სარაკეტო დარტყმის შედეგად, ვენესუელის სიახლოვეს ხომალდი გაანადგურა, რომელსაც სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალებები გადაჰქონდა.
როგორც მედია წერს, სარაკეტო დარტყმას 4 ადამიანი ემსხვერპლა. ეს რიგით მეოთხე ასეთი სარაკეტო თავდასხმაა ბოლო კვირების განმავლობაში.
როგორც პიტ ჰეგსეთმა აღნიშნა, ბოლო დარტყმა საერთაშორისო წყლებში, ვენესუელას სანაპიროსთან ახლოს განხორციელდა.
„ასეთი დარტყმები გაგრძელდება, ვიდრე ამერიკელ ხალხზე თავდასხმები არ დასრულდება“, - აცხადებს აშშ-ის თავდაცვის მდივანი.
ჰეგსეთმა მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე განაცხადა, რომ დაზვერვის მონაცემები „ეჭვგარეშე“ ადასტურებდა, რომ გემს ნარკოტიკები გადაჰქონდა და რომ ბორტზე მყოფი ადამიანები „ნარკოკარტელები“ იყვნენ.