ორბანი აცხადებს, რომ უკრაინასა და უნგრეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზება მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინისა და უნგრეთის ურთიერთობების ნორმალიზება მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ მან ვაშინგტონში „მშვიდობის საბჭოს“ პირველი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობები ამჟამად დაძაბულია, რადგან უკრაინელები ყველას, ვინც მათ მხარს არ უჭერს, მტრად აღიქვამენ. ამავდროულად, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომის დასრულების შემდეგ ეს განზომილება გაქრება და ქვეყნები ნორმალურ, მშვიდობიან დიპლომატიურ, ეკონომიკურ და სხვა ურთიერთობებს დაუბრუნდებიან.
მან განაცხადა, რომ მშვიდობა ყველაფრის გასაღებია, მათ შორის უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობების, მაგრამ სანამ ომი გრძელდება, ის ურთიერთობების მოგვარების შანსს ვერ ხედავს.
უკრაინაში ომზე საუბრისას უნგრეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ ამერიკელები მუდმივად იჩენენ ინიციატივას და რუსებთან პირდაპირ კონტაქტში არიან, ხოლო ევროპელმა ლიდერებმა ომის გაგრძელება გადაწყვიტეს.
„ევროპელი ლიდერები არ გეგმავენ და არც ფიქრობენ ამაზე, მაგრამ მათ გადაწყვიტეს, რომ რუსები უკრაინის ტერიტორიაზე უნდა დამარცხდნენ და ამაზე ღიად საუბრობენ“, - დასძინა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.