მერცი: რუსეთი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ აუტანელ ნაცისტურ პროპაგანდას აწარმოებს
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა შტუტგარტში „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ პარტიულ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინელ ხალხს უპირობო მხარდაჭერა აღუთქვა, იუწყება Deutsche Welle.
მერცმა რუსეთი უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ომის წარმოებაში დაადანაშაულა.
„ჩვენ არასდროს შევეგუებით იმას, თუ როგორ სისტემატურად აწარმოებს კრიმინალური რუსული რეჟიმი ომს ამ ქვეყნის მშვიდობიანი მოსახლეობის, მოხუცების, ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
მისი თქმით, რუსეთი ასევე აწარმოებს ნაცისტურ პროპაგანდას უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ.
„ამ ყველაფერს ემატება თითქმის აუტანელი ნაცისტური პროპაგანდა უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, ხალხის, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მეტად იტანჯებოდა გერმანიისა და რუსეთის ტირანიისგან“, - ხაზგასმით აღნიშნა მერცმა.
მან პირობა დადო, რომ გერმანია ამას მტკიცედ დაუპირისპირდება.
„ისტორია ერთ რამეს გვასწავლის: დამშვიდებას მშვიდობას არ მოაქვს. ის მხოლოდ ამხნევებს აგრესორს. ისინი, ვინც დღეს გულუბრყვილო პაციფიზმს მისდევენ, ხვალინდელი ომების ხელშემწყობები არიან“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა და დასძინა, რომ ევროპამ „ძალის ენაზე საუბარი“ უნდა ისწავლოს.