Loading data...
მაიკ ჯონსონი უკრაინის ელჩს აშშ-ის არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს და ზელენსკის მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს, ვაშინგტონში უკრაინის ელჩი, ოქსანა მარკაროვა დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს თანამდებობიდან.

აღნიშნული მოწოდება ჯონსონმა რესპუბლიკელების მხრიდან ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკის ფონზე გააკეთა. ისინი ზელენსკის პენსილვანიის შტატში ჩასვლის გამო აკრიტიკებენ.

„ვიზიტი აშკარად იყო პარტიული საკამპანიო ღონისძიება, რომელიც დემოკრატების დასახმარებლად იყო გამიზნული. ცხადია, რომ ეს არის არჩევნებში ჩარევა“, - აღნიშნულია ჯონსონის წერილში, რომლითაც მან ზელენსკის მიმართა.

ზელენსკის პენსილვანიაში ვიზიტს კი სპიკერმა პოლიტიკური ნაბიჯი უწოდა.

მისი თქმით, აშშ-ის საშინაო პოლიტიკაში ჩარევისგან ყველა უცხო ქვეყანამ თავი უნდა შეიკავოს.

„ამან გამოიწვია რესპუბლიკელების მხრიდან ნდობის დაკარგვა ელჩ მარკაროვას მიმართ, რომ მას შეუძლია, სამართლიანად და ეფექტურად იმსახუროს, როგორც დიპლომატმა ამ ქვეყანაში. იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს თავისი პოსტიდან“, - ნათქვამია წერილში.