Loading data...
ლონდონისკენ მიმავალ მატარებელში უცნობი პირები მგზავრებს დანით თავს დაესხნენ, 9 ადამიანმა სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიიღო - BBC

ინგლისში, დონკასტერიდან ლონდონში მიმავალ მატარებელში მომხდარი თავდასხმის შედეგად, 10 ადამიანი დაშავდა, 9 მათგანს სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები აქვს. ინფორმაციაზე BBC წერს.

მატარებელი საგანგებოდ ჰანტინგტონის სადგურზე გაჩერდა, ადგილზე ათობით სამართალდამცველი იყო მობილიზებული. ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულია 2 პირი. ბრიტანული სატრანსპორტო პოლიციის განცხადებით, გამოძიებაში კონტრტერორისტული განყოფილების თანამშრომლები ჩაერთვებიან.

ამ ეტაპზე, თავდასხმის მოტივების შესახებ არაფერია ცნობილი. ერთ-ერთმა თვითმხილველმა BBC-ს განუცხადა, რომ დაინახა, როგორ გამოიქცა ვაგონიდან კაცი დასისხლიანებული ხელით, რომელიც ყვიროდა: „მათ დანა აქვთ“.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა თავდასხმას „ღრმად შემაშფოთებელი“ უწოდა და მოსახლეობას ადგილობრივი ხელისუფლების რჩევების გათვალისწინებისკენ მოუწოდა.