„კორუფციული სკანდალი ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებზე გავლენას არ მოახდენს“ - ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერი
ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა ტარას კაჩკამ განაცხადა, რომ დასავლელმა პარტნიორებმა დადებითად შეაფასეს მთავრობის ქმედებები უკრაინის ენერგეტიკულ სექტორში კორუფციული სკანდალის შემდეგ. ამის შესახებ მან Ukrinform-თან ინტერვიუში განაცხადა.
კაჩკას თქმით, უკრაინის პარტნიორების რეაქცია „სრულიად დაემთხვა ჩვენს რეაქციას ამ სკანდალზე“.
„ჩვენ ნათლად დავინახეთ, რომ დასავლელი პარტნიორების მხრიდან ამ კრიზისის საპასუხოდ უკრაინის ხელისუფლების ქმედებების შეფასება დადებითია“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ კიევი პრობლემის მოგვარებაში ევროპული ინსტიტუტებისა და „სხვა მთავრობების კოლეგების“ დახმარებას იმედოვნებს.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, კორუფციული სკანდალის ფონზე, მხოლოდ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა გააკეთა მოწოდება უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტისკენ.
„რაც შეეხება დასავლელი პოლიტიკოსების რეაქციას, ჩვენ მოვისმინეთ ობიექტური შეფასება - რომ მთავრობა რეაგირებს შესაბამისად, სწრაფად, ნათლად და ცალსახად წმენდს თავის რიგებს და რომ ანტიკორუფციული ინსტიტუტები მუშაობენ“, - განაცხადა კაჩკამ.
„სწორედ ეს იყო ხაზგასმული ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში, წინა სამუშაო ანგარიშებსა და დოკუმენტებში და მოლაპარაკებების პროცესის პრიორიტეტებში. ამიტომ ეს სკანდალი გავლენას არ მოახდენს თავად მოლაპარაკებების პროცესზე“, - დასძინა მან.