Loading data...
კიევში „ენერგოატომის“ ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავეს

კიევში „ენერგოატომის“ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე იური შეიკო დააკავეს. ინფორმაციას „რბკ უკრაინა“ ავრცელებს.

ყოფილი უკრაინელი მაღალჩინოსანი 18,6 მლნ გრივნის მოპარვაშია ეჭვმიტანილი. თანხის მითვისება ბირთვულ ზარალზე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის დროს მოხდა.

გამოცემის ცნობით, 2022 წლის 1 აგვისტოს შეიკომ სადაზღვევო კომპანიასთან, „პროსტო-სტრახოვანიე“-სთან 105,6 მლნ გრივნის (2,4 მლნ აშშ დოლარის) ხელშეკრულება გააფორმა. მაგრამ 12 აგვისტოს ეს თანხა 130, 9 მლნ გრივნამდე (3.08 მლნ აშშ დოლარამდე) გაიზარდა. მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ამის მიზეზად გერმანული საშუამავლო კომპანიის მოთხოვნა დაასახელა.

რევიზიამ და ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ეს თანხა ხელოვნურად იყო გაზრდილი.

იური შეიკოს ბრალი უნდა წაუყენონ უკრაინის სსკ-ის 191-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც წინასწარი შეთქმულებით ჯგუფის მიერ სახელმწიფო ქონების განსაკუთრებით დიდი ოდენობით მითვისებას ეხება.

რამდენიმე კვირის წინ უკრაინის ენერგეტიკის სფეროში კორუფციული სკანდალის აგორების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა იულია სვირიდენკომ განაცხადა, რომ ყველა სახელმწიფო კომპანიაში აუდიტი ჩატარდება.