Loading data...
იტალიის ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ უკრაინისთვის დამატებითი დახმარების გაწევამ შესაძლოა, კორუფცია გააღვივოს

იტალიის ვიცე-პრემიერმა მატეო სალვინიმ განაცხადა, რომ უკრაინისთვის დამატებითი დახმარების გაწევამ შესაძლოა, „კორუფცია გააღვივოს“, რასაც თავდაცვის მინისტრი გვიდო კროზეტო არ დაეთანხმა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. 

სალვინიმ კომენტარი გააკეთა უკრაინის ენერგეტიკულ სექტორში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე კორუფციულ სკანდალზე.

„მეჩვენება, რომ კორუფციული სკანდალები ჩნდება, რომლებშიც უკრაინის მთავრობაა ჩართული, ამიტომ არ მინდა, რომ იტალიელი მუშებისა და პენსიონერების ფული კორუფციის შემდგომი გაღვივებისთვის გამოიყენებოდეს“, - აღნიშნა მან.

იტალიის ვიცე-პრემიერის აზრით, უკრაინას არც მეტი იარაღის მიწოდება დაეხმარება.

„მეჩვენება, რომ ბოლო საათებში მომხდარი მოვლენები, რუსული ჯარების წინსვლით, გვეუბნება, რომ ომის შეჩერება ყველას ინტერესებშია, პირველ რიგში კი უკრაინის“, - დასძინა სალვინიმ.

იტალიის თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროზეტომ კოლეგის სიტყვებზე კომენტარის გაკეთებისას აღნიშნა, რომ უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტა „აბსურდული“ იქნებოდა.

„მესმის მატეო სალვინის შეშფოთება, მაგრამ ქვეყანას ორი კორუმპირებული ადამიანის მიხედვით არ ვაფასებ. ჩვენ ვცდილობთ, დავეხმაროთ მშვიდობიან მოსახლეობას, რომელიც რუსული თავდასხმების 93%-ს განიცდის“, - განაცხადა მან.

უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (NAEC) გამოაქვეყნა გამოძიება NNEGC Energoatom-ში მომხდარი მსხვილი კორუფციული სქემის შესახებ, რომელსაც „მიდასი“ უწოდეს.

სქემის ორგანიზატორი იყო ბიზნესმენი ტიმურ მინდიჩი, „კვარტალ-95“-ის თანამფლობელი და პრეზიდენტ ზელენსკის ყოფილი პარტნიორი. ბრალდების მხარემ აღნიშნა, რომ მინდიჩი გავლენას ახდენდა ენერგეტიკის ყოფილ მინისტრ გერმან გალუშჩენკოზე და თავდაცვის ყოფილ მინისტრ რუსტემ უმეროვზე.