ISW: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ „ორეშნიკის“ რაკეტა შესაძლოა, უახლოეს დღეებში კვლავ გამოიყენოს
აშშ-ის ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსების აზრით, რუსეთის ხელმძღვანელობა უკრაინის მისამართით 21 ნოემბერს გაშვებული „ორეშნიკის“ ბალისტიკური რაკეტის ქებას აგრძელებს და შესაძლოა, უახლოეს დღეებში ის კვლავ გამოიყენოს.
„რუსეთი სარგებლობს 21 ნოემბრის იერიშის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟით და, სავარაუდოდ, იმედოვნებს, რომ „ორეშნიკის“ რაკეტის გაშვებით გამოწვეული შეშფოთება დასავლეთს უკრაინის მხარდაჭერის შემცირებისკენ უბიძგებს“, - ნათქვამია მოხსენებაში.
ამავდროულად, ISW პროგნოზირებს, რომ რუსეთმა შეიძლება განახორციელოს იგივე, ან მსგავსი ბალისტიკური რაკეტების დამატებითი სატესტო გაშვება უახლოეს დღეებში, რათა ანალოგიურ რიტორიკულ ეფექტს მიაღწიოს.
რუსული წყაროები ირწმუნებიან, რომ 23-24 ნოემბერს რუსეთი რაკეტების გამოსაცდელად თავისი საჰაერო სივრცის ნაწილს დახურავს, მაგრამ არ აკონკრეტებენ, რა ტიპის რაკეტას გამოცდიან რუსული ჯარები.
გარდა ამისა, მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა, რომ რუსეთს, სავარაუდოდ, 10-მდე „ორეშნიკის“ რაკეტა აქვს და მოსალოდნელია, რომ ყველა ამ რაკეტას მომავალში გამოცდის.