ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა საფრთხის ქვეშაა: კატარი აცხადებს, რომ მოლაპარაკებები კრიტიკულ ფაზაშია - Reuters
ღაზას სექტორში შეერთებული შტატების მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები კრიტიკულ ფაზაშია, რადგან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არცერთ მხარეს ჯერ სრულყოფილად არ შეუსრულებია, - ამის შესახებ Reuters-ი კატარის პრემიერ-მინისტრ შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ ტანიზე დაყრდნობით იტყობინება.
მისი თქმით, 10 ოქტომბრიდან, როდესაც შეთანხმება ძალაში შევიდა, ძალადობის დონე შემცირდა, თუმცა საბრძოლო მოქმედებები სრულად არ შეწყვეტილა.
კერძოდ, შაბათს, ისრაელის მიერ ბეით ლაჰიასა და ჯაბალიას უბნებზე განხორციელებული დარტყმების შედეგად, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის იყო 70 წლის ქალი.
ამავდროულად, ისრაელის სამხედროებმა გამოაცხადეს სამი მებრძოლის ლიკვიდაციის შესახებ, რომლებმაც გადაკვეთეს ე.წ. „ყვითელი ხაზი“.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ასევე უარყვეს დრონების გამოყენების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.
ალ ტანიმ აღნიშნა, რომ ამჟამინდელი ვითარება არ შეიძლება ჩაითვალოს სრულფასოვან ცეცხლის შეწყვეტად.
„ჩვენ გარდამტეხ მომენტში ვართ. რასაც ახლახან მივაღწიეთ, პაუზაა. ჩვენ ამას ცეცხლის შეწყვეტად ვერ ჩავთვლით“, - განაცხადა კატარის პრემიერმა დოჰაში გამართულ ფორუმზე.
ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ორწლიანი ომის დასრულების გეგმის განსახორციელებლად. გეგმა ითვალისწინებს ღაზაში დროებითი ტექნოკრატიული მთავრობის შექმნას, რომელსაც ზედამხედველობას გაუწევს საერთაშორისო „სამშვიდობო საბჭო“ და მხარს დაუჭერს საერთაშორისო უსაფრთხოების ძალები. ამ ძალის შემადგენლობა და მანდატი კვლავ კრიტიკულ საკითხად რჩება.