Loading data...
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ისრაელი დიპლომატიური იზოლაციის საფრთხის წინაშე დგას, რომლის თავიდან აცილებაც ბერლინს ევალება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ ისრაელი დიპლომატიური იზოლაციის საფრთხის წინაშე დგას და ბერლინი ამის თავიდან აცილებას ცდილობს.

„ისრაელმა ყოველთვის უნდა იპოვოს მეგობრები, პარტნიორები და მხარდამჭერები საერთაშორისო საზოგადოებაში. და ეს ამჟამად საფრთხეშია ამ სიტუაციაში. თუ არსებობს ერთი ქვეყანა, რომელსაც ამის თავიდან აცილების პასუხისმგებლობა აკისრია, მაშინ, ჩემი აზრით, ეს გერმანიაა“, - განაცხადა მან იერუსალიმში ვიზიტის დროს. 

ამასთან, ვადეფულმა ღაზას სექტორში არსებულ ჰუმანიტარულ სიტუაციას „წარმოუდგენელი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ისრაელმა უნდა აჩვენოს, რომ პალესტინის ტერიტორიაზე „გაძევების“ და „ანექსიის“ პოლიტიკას არ ახორციელებს.

გერმანელმა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ისრაელს ეკისრება პასუხისმგებლობა, ღაზაში ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარება „სწრაფად, უსაფრთხოდ და საკმარისად შეუშვას, რათა თავიდან აიცილოს მასობრივი სიკვდილიანობა“.

ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებშიც ის ისრაელის მიერ ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროსაც ეწვევა.

მან შეხვედრები უკვე გამართა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და საგარეო საქმეთა მინისტრ გიდეონ საართან, 1-ელ აგვისტოს კი დასავლეთ სანაპიროზე გაემგზავრება, რათა ღაზაში ჰუმანიტარული მდგომარეობა დამატებით განიხილოს, პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისკენ მიმართული ფართომასშტაბიანი საერთაშორისო ნაბიჯების ფონზე.