Loading data...
გერმანიის მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, ტრამპი შესაძლოა, 4 სექტემბერს „მსურველთა კოალიციის“ სამიტს შეუერთდეს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესაძლოა, 4 სექტემბერს „მსურველთა კოალიციის“ სამიტში მიიღოს მონაწილეობა. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა სტეფან კორნელიუსმა განაცხადა.

მისი თქმით, ამჟამად ტრამპის შესაძლო მონაწილეობისთვის შესაბამისი მზადება მიმდინარეობს.

„მსურველთა კოალიცია“, რომელიც 30-მდე მეტწილად ევროპულ ქვეყანას აერთიანებს, ხუთშაბათს დილით ჰიბრიდული ფორმატით შეიკრიბება. სამთავრობო წყაროების ცნობით, კანცლერი ფრიდრიხ მერცი ვიდეოჩართვის საშუალებით მიიღებს მონაწილეობას.

შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მიწვევით იმართება. 

ჯერჯერობით უცნობია, ვინ ჩავა პარიზში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად. ზელენსკი შეხვედრას პირადად დაესწრება, ერთი დღით ადრე კი ის ფრანგ კოლეგასთან მოლაპარაკებებს გამართავს.