გავრცელებული ინფორმაციით, ბეირუთზე ისრაელის იერიშის სამიზნე „ჰეზბოლას“ მაღალჩინოსანი იყო
ებრაულ საინფორმაციო გამოშვებებსა და სოციალურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ დილით ბეირუთის ცენტრზე ისრაელის მასიური საჰაერო იერიშის სამიზნე „ჰეზბოლას“ ახალი ლიდერი ნაიმ ქასემი, ან დაჯგუფების უფროსი ოფიცერი ტალალ ჰამია იყო. ამის შესახებ The Times Of Israel-ი იუწყება.
ქასემი ირანის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტული დაჯგუფების ხელმძღვანელად მას შემდეგ დაინიშნა, რაც მისი წინამორბედი ჰასან ნასრალა სამხრეთ ბეირუთში „ჰეზბოლას“ მიწისქვეშა შტაბ-ბინაზე ისრაელის ავიაიერიშს ემსხვერპლა.
ჰამია კი დაინიშნა ტერორისტული ჯგუფის ოპერაციების განყოფილების ხელმძღვანელად მას შემდეგ, რაც ისრაელმა 20 სექტემბერს ბეირუთზე დარტყმის დროს „ჰეზბოლას“ სამხედრო ოპერაციების ხელმძღვანელი იბრაჰიმ აქილი მოკლა.
როგორც „ჰეზბოლას“ ტელეკომპანია „ალ-მანარი“ იუწყება, სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა და 23 დაიჭრა ბეირუთის ბასტას რაიონში მომხდარი თავდასხმის შედეგად, რომელმაც სავარაუდოდ, 8-სართულიანი შენობა გაანადგურა და მიმდებარე ტერიტორია დააზიანა.
იერიშის შესახებ ისრაელის მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია.